2023 წლის სამი ომი – უკრაინა, ყარაბაღი და ისრაელი – ყველაზე ხანგრძლივი ომი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ყველაზე ხანმოკლე სამხედრო ოპერაცია ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად

რამდენიმე საათში მოკლული 1300 ადამიანი, დანაკარგი, რომელიც ისრაელს “განკითხვის დღის” ომის შემდეგ არ ჰქონია. უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში, ყველაზე სისხლიანი დილა ისრაელში 7 ოქტომბერს გათენდა. “ჰამასმა” მიზანში მუსიკალური ფესტივალის მონაწილეები ამოიღო.
მშვიდობიანი მოსახლეობის წამება, გაუპატიურება და დახვრეტა გაგრძელდა კიბუცებში. ტერორისტული დაჯგუფება არ ინდობდა არც ჩვილებს, არც ქალებსა და არც ხანდაზმულებს. 2023 წლის ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაულის შესახებ მაყურებელს, შემთხვევის ადგილიდან, უყვებოდა “კურიერიც”.
ის, ვინც არ მოკლეს, ცოცხალ ფარად გამოიყენეს და უკან, ღაზას სექტორში დაბრუნდნენ. “ჰამასმა” ტყვეობაში 240 ადამიანი აღმოჩნდა.
“ცაჰალის” პასუხი მყისიერი და მტკიცე იყო. იერიში “ჰამასის” 22 000-ზე მეტ მიწისზედა და მიწისქვეშა ობიექტებზე. ათასობით ლიკვიდირებული ტერორისტი, მათ შორის საველე მეთაურები. სასმელი წყლის, მედიკამენტების და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი ანკლავი.
ცეცხლი მხოლოდ 7 დღით შეწყვიტეს და მძევლები ს საპატიმროში მყოფ მსჯავრდებულებზე გაცვალეს. ახლა “ცაჰალი”, მსოფლიოს არაერთი ლიდერის მოწოდების მიუხედავად, გაჩერებას მხოლოდ მძევლების გათავისუფლებისა და “ჰამასის” სრულად განადგურების შემდეგ გეგმავს.
დასახულ მიზნებს 2023 წელს ვერ მიაღწია კიევმა. კონტრიერიში, რომელსაც უკრაინის ტერიტორიის უდიდესი ნაწილის გათავისუფლება უნდა მოჰყოლოდა, ფაქტობრივად, ჩავარდა. ერთ-ერთი მიზეზი, დიდი ალბათობით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ, შეტევიდან თავდაცვით პოზიციაში გადასვლა გახდა. კიდევ ერთი ფაქტორი კახოვკის ჰესის აფეთქება იყო.
2000-მდე დატბორილი სახლი, 10 000 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა და სტიქიის ზონიდან ევაკუირებული 2500-ზე მეტი სამოქალაქო პირი… უკრაინის ხელისუფლებას კაშხლის განადგურების შედეგად წარმოქმნილ კრიზისულ სიტუაციასთან მოუწია გამკლავება. 2023 წელს ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ ს პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა – დაიმსხვრა მითი, რომ პუტინი ხელშეუხებელია.
ყველაზე მძიმე დარტყმა რუსეთის ლიდერს 24 ივნისს ყოფილმა მზარეულმა მიაყენა. ევგენი პრიგოჟინმა “ვაგნერელების” მარშით, ბრძოლის გარეშე როსტოვსა და ვორონეჟზე სამხედრო კონტროლი დაამყარა. გეზი მოსკოვისკენ აიღო, პუტინი “შეშლილ მოხუცად” გამოაცხადა და მისი შეცვლა დააანონსა. მუქარა რამდენიმე დღეში “ვაგნერის” დაშლით – ერთ თვის თავზე კი, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ავიაკატასტროფით დასრულდა.
პუტინი ირწმუნება, რომ სპეცოპერაციად მონათლული სამხედრო აგრესია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. თუმცა, მის განცხადებებში სულ უფრო ხშირად ისმის კონფლიქტის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულების შესაძლებლობა. ამას არც გამორიცხავს, მაგრამ – მხოლოდ ქვეყნის სრული დეოკუპაციის შემდეგ.
დეოკუპაცია დასრულებულად, ტერიტორიული მთლიანობა კი აღდგენილად გამოაცხადა ოფიციალურმა ბაქომ. კავკასიაში თითქმის 35 წლიანი კონფლიქტი სწორედ 2023 წელს ამოიწურა. ყარაბაღში აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშა ფრიალებს.
ამისთვის აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარება დასჭირდა, რომლის ხანგრძლივობაც არასრული 24 საათი იყო. სამხედროებმა არაღიარებული ყარაბაღის 90-ზე მეტი თავდაცვითი პოზიცია გაანადგურეს და დაიკავეს.
28 სექტემბერს ყარაბაღის ე.წ მთავრობამ საკუთარი არსებობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. აზერბაიჯანის კონსტიტუციით, ახალი ცხოვრების დაწყებას მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი დათანხმდა. ათობით ათასმა ადამიანმა თავი სომხეთს შეაფარა.