ქვეყნის ძირითად ეკონომიკურ მაჩვენებლებზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკამ პოსტპანდემიურ პერიოდში 2 წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწია, რის შემდეგაც 2023 წელს ეკონომიკა უბრუნდება პანდემიამდელ ტენდენციას და კვლავ შესამჩნევ ზრდას განაგრძობს.
„აღსანიშნავია, რომ მცირე ჩავარდნის შემდეგ, 2022 წლიდან მოყოლებული ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მთავარი წარმმართველი ისევ ინვესტიციების კომპონენტია. მიმდინარე წელს, ჩვენ ეკონომიკურ ზრდას – 6,5 პროცენტს ველოდებით, ხოლო 2024 წლის პროგნოზი 5,2 პროცენტია. 2023 წლის ბოლოსთვის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 8000 დოლარს გადააჭარბებს, ხოლო 2027 წლისათვის, 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პირობებში თითქმის 11 ათას დოლარს მიაღწევს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2027 წელს ერთ სულ მოსახლეზე
მშპ-ის მოცულობა მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით (ე.წ. PPP-ის მიხედვით) 30,000 დოლარს მიაღწევს”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.