2023 წელს საქართველოს რკინიგზის შემოსავალი და მოგება შემცირდა

საქართველოს რკინიგზამ 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასულ წელს ტვირთბრუნვის შემცირება კომპანიის ფინანსებზეც აისახა, რის შედეგადაც 47 მილიონი ლარით, ანუ 7%-ით შემცირდა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი და მან 627 მილიონი ლარი შეადგინა.
თუმცა გაცილებით უფრო მეტად, 79%-ით, ანუ 310 მილიონი ლარით შემცირდა კომპანიის წმინდა მოგება, რამაც მხოლოდ 87 მილიონი ლარი შეადგინა. მოგების შემცირება ძირითადად კომპანიის მოგების სტრუქტურის ცვლილებით არის განპირობებული. საქმე ისაა, რომ 2022 წელს საქართველოს რკინიგზის მოგება ძირითადად განპირობებული იყო არა კომპანიის საოპერაციო საქმიანობით, არამედ ლარის გაცვლითი კურსის გამყარების მიერ გამოწვეული კურსთაშორისი სხვაობით. ამის გამო უცხოურ ვალუტაში ნომინირებული ვალის ლარებში არსებული ღირებულება შემცირდა, ეს კი ფინანსურ ანგარიშში 219 მილიონი ლარის მოგებად აღირიცხა. შესაბამისად, 2022 წელს რკინიგზის მოგების ნახევარი სწორედ ლარის გაცვლითი კურსის ეფექტს უკავშირდებოდა. 2023 წელს კი ლარის კურსის ასეთივე გამყარება არ მომხდარა, რის გამოც საქართველოს რკინიგზას ამ წყაროდან მოგება არ მიუღია, შესაბამისად კომპანიის ₾87-მილიონიანი მოგება, ძირითადად, საოპერაციო საქმიანობას ასახავს.
მთლიანობაში 2023 წელს საქართველოს რკინიგზა 13.6 მილიონ ტონა ტვირთებს მოემსახურა, რაც 2022 წელთან შედარებით 8.2%-ით ნაკლები იყო. ტვირთნაკადის კლების მიუხედავად, 2023 წელს საქართველოს რკინიგზამ მასში დასაქმებულთა ანაზღაურებები გაზარდა. 2023 წელს ხელფასების სახით 239 მილიონი ლარი გაიცა, რაც 2022 წელთან შედარებით 42 მილიონი ლარით მეტი იყო. ასევე 10 მილიონი ლარით გაიზარდა კომპანიის ცვეთასა და ამორტიზაციაზე გაწეული ხარჯები, რაც გასულ წელს 77 მილიონი ლარი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ