2023 წელს ესპანეთში ჩასული მიგრანტების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა

ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მიგრაციის მარშრუტებზე კონტროლის გაზრდის ფონზე, 2023 წელს ესპანეთში არალეგალურად შესვლას მსურველთა რაოდენობა 80%-ით გაიზარდა. ამას მოწმობს ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი მონაცემები, რომელიც 3 იანვარს გამოქვეყნდა.
აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს ესპანეთში არალეგალურად შევიდა 56 852 მიგრანტი, რაც 82,1%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2018 წლის შემდეგ.
2023 წელს ესპანეთში თავშესაფრის მაძიებელთა უმრავლესობა (39,910) კანარის კუნძულებზე აფრიკიდან ნავით ჩავიდა.
მიგრანტები ესპანეთში ჩადიან ეგრეთ წოდებული კანარის მარშრუტით.
ნავები თავშესაფრის მაძიებლებით მიემგზავრებიან სამხრეთით მაროკოდან, მავრიტანიიდან, გამბიიდან და სენეგალიდან.