2021 წელს ექიმების 23%-ს 500 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა – აუდიტი

2021 წელს ექიმების 23%-ს 500 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა – ამის შესახებ სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის მდგომარეობით, ექიმების 50%- ს ერიცხებოდა 1,500 ლარი და ნაკლები, როდესაც 500 ლარზე ნაკლები აქვს 23%-ს და 5 500 ლარზე მეტი 14%-ს. მსგავსი ტენდენცია ფიქსირდება 2018-2020 წლებშიც.
„საქართველოს ექიმების რაოდენობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის რეგიონისა და ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებელს, ხოლო ექთნების რაოდენობით − მნიშვნელოვნად ჩამორჩება, სადაც ერთ ექიმზე, საშუალოდ, 2-3 ექთანი მოდის; საქართველოში თითქმის თანაბარია ექიმებისა და ექთნების რაოდენობის შეფარდება, დაახლოებით, ერთი ექთანი − ერთ ექიმზე. მიუხედავად ექიმების საკმარისი რაოდენობისა, ჯანმო მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია მათი ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომობა და კომპეტენცია.
ჯანდაცვის სისტემისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა ექთნების შრომის ანაზღაურება. მონაცემთა ბაზების ანალიზით გამოვლინდა, რომ დასაქმებული ექთნების 83%-ს ქვეყნის საშუალო თვიურ დარიცხულ ხელფასზე (1,541.3 ლარი) ნაკლები აქვს.
ანაზღაურებასთან დაკავშირებული პრობლემები ასევე დადასტურდა გამოკითხვებიდანაც. აუდიტის ფარგლებში გამოკითხული 107 დაწესებულების წარმომადგენლიდან, 45 აღნიშნავს, რომ მათთან დასაქმებული ექთნების საშუალო თვიური დარიცხული ხელფასი მერყეობს 0-500 ლარამდე შუალედში, 40 აღნიშნავს, რომ ეს თანხა 501-800 ლარამდეა, 18 პირის მიხედვით − 801-1,100 ლარამდე, ხოლო 4 დაწესებულებაში − 1,101-1,500 ლარამდე“, – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.
როგორც აუდიტის დასკვნაშია აღნიშნული, საქართველოს 2021 წელს ქვეყანას 100 000 მოსახლეზე 606 ექიმი და 595 პროფესიულად აქტიური ექთანი ჰყავს.