უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ღმერთმა მომცა იმის შესაძლებლობა, ჩემს ქვეყანას და ხალხს ვემსახურო, – ამის შესახებ კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, 2017 წლიდან დღემდე დედაქალაქში არაერთი ცვლილება განხორციელდა, რამაც თბილისელების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.
„2017 წლიდან რამდენიმე პროგრამა წამოვიწყეთ, რის შედეგადაც, უამრავი ოჯახი გაბედნიერდა. არსებობდნენ სამშენებლო კომპანიებისგან, „სვეტი“ „ცენტრ პონტი“, „ოლიმპიური ვარსკვლავი“ და სხვ. დაზარალებულები, ისინი შეგუებულები იყვნენ, რომ მათ გადახდილი თანხები დაკარგეს. 15 000-მდე ასეთი ოჯახი დაკმაყოფილდა. მეორე მნიშვნელოვანი თემა კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს ეხება, 2 400-მდე ასეთი ოჯახი არის დაკმაყოფილებული. გამოვყოფ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამასაც, რომლის მიხედვით, ეტაპობრივად ნაცვლდება ავარიული შენობა-ნაგებობები. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ღმერთმა მომცა იმის შესაძლებლობა, ჩემს ქვეყანას და ხალხს ვემსახურო. ამაზე დიდი ბედნიერება არ ვიცი რა შეიძლება იყოს, როდესაც გაქვს შესაძლებლობა, შენი გადადგმული ნაბიჯებითა და განხორციელებული პროექტებით უამრავი ადამიანი გაახარო და გააბედნიერო“, – განაცხადა კახა კალაძემ.