“უმცროსი ბორჯღალოსნების” სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ გასამართ პირველ გასახურებელ მატჩში, შეკრებაზე მყოფი თითქმის ყველა მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას.
ჩვენი გუნდი ზაფხულში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება და “უმცროს ქურციკებს” 23 თებერვალს “ავჭალაზე” 16 საათზე, ხოლო 28 თებერვალს “ლელო არენაზე” 15 საათზე ერკინება.
მთავარ მწვრთნელ ლადო კილასონიას ამ მეთოდისთვის ადრეც არაერთხელ მიუმართავს. სეზონის პირველ მატჩში ის მაქსიმალური ოდენობის მოთამაშეს აძლევს თავის გამოჩენის შესაძლებლობას, რათა მთავარი ტურნირისთვის სელექცია გაუმარტივდეს.
“აქამდე მხოლოდ ერთმანეთში ვთამაშობდით და ახლა პირველად დავუპირისპირდებით უცხო
გუნდს და თანაც მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებს სამხრეთ აფრიკას, რომელმაც საქართველოში წამოსვლამდე ორი ამხანაგური თამაში ჩაატარა, აქ კი მართვადი ვარჯიში ჰქონდა “ლელოსთან”. რადგან პირველი თამაშია, მოთამაშეების დიდ რაოდენობას გამოვცდით და ვეცდებით ყველას მივცეთ სათამაშო დრო. მზადების ამ ფაზაში ხშირად მივმართავთ ექსპერიმენტებს. მზადება სულ რაღაც 6 დღის წინ დავიწყეთ და მარტივ რაგბის ვითამაშებთ. ჩვენთვის გამოწვევაა ის, რომ მოკლე დროში უნდა განვიცადოთ პროგრესი და სწრაფი ტემპით დავეწიოთ სამხრეთ აფრიკას”, – ამბობს კილასონია და განაგრძობს:
“გვიან შემოგვიერთდნენ გიორგი ხაინდრავა და დავით ლაგვილავა, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში არიან გამოძახებული და ისინი სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობენ. გვაქვს მიკრო-ტრავმები და გვყავს რამდენიმე სიცხიანი მოთამაშე. მთლიანობაში, ამ ეტაპზე თითქმის ყველა მოთამაშე გვყავს, ვინც გაფართოებულ შემადგენლობაში მოიაზრებოდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი – 20-წლამდელების კარი ყოველთვის ღიაა როგორც შემომსვლელებისთვის, ასევე გამსვლელებისთვის.
მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ კლუბს და მწვრთნელს, რომლებმაც ამ ბიჭების სპორტსმენებად აღზრდაში მიიღეს მონაწილეობა. 18-წლამდე ნაკრების მწვრთნელებმა ძალიან მაგარი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც მეორე ტურნირზე 1 წლით პატარა მორაგბეები წაიყვანეს და ამით თითოეულ პოზიციაზე კონკურენცია გაზარდეს. ეს ძალიან მაგარი ამბავია როგორც მწვრთნელისთვის, ასევე მოთამაშისთვის. სისტემა, რომელიც ბოლო პერიოდში რაგბის კავშირმა დანერგა, ძალიან კარგად მუშაობს. 20-წლამდელები მჭიდრო კავშირში ვართ როგორც 18-წლამდელებთან, ასევე “შავ ლომთან” და ეროვნულ ნაკრებთან და ეს გამართული ვერტიკალი აუცილებლად მოგვიტანს შედეგს”.
ორმატჩიანი ტესტ-სერიის პირველი შეხვედრა
თბილისი. „ავჭალა“. 16:00
საქართველო – სამხრეთ აფრიკა
საქართველო:
ხაზი: 15. ანდრია ნიქაბაძე (წიქარა), 14. გივი სოსელია (ხვამლი), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. დავით ბარბაქაძე (არმია), 11. გიორგი ბოლქვაძე (ლელო), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. დავით წიკლაური (ხვამლი);
შერკინება: 1. გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი), 2. შოთა ხელაძე (ლელო), 3. გიორგი კაკალიაშვილი (ვალო), 4. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), 5. გაგა მარგველაშვილი (რასინგი), 6. საბა ლაღაძე (აია), 7. ნიკა აბესაძე (ლელო), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი).
მარქაფა: 16. ბექა ნეფარიძე (ხვამლი), 17. ნიკოლოზ ოლქიშვილი (ლელო), 18. ნიკოლოზ კოროხაშვილი (ლელო), 19. ლევან კეპულაძე (ბორდო), 20. გიორგი ხუროშვილი (ლელო), 21. გიორგი სპანდერაშვილი (ლელო), 22. ბუბა ნოზაძე (ბათუმი), 23. სანდრო სესიაშვილი (არმია); 24. არჩილ ნოზაძე (აჟენი), 25. ანრი შველიძე (ბრივი), 26. ირაკლი უსუბიანი (სურენსი), 27. გიორგი ძაგანია (ნარბონი), 28. გიორგი მესხიძე (პერპინიანი), 29. თემურ წულუკიძე (ოიონა), 30. ანდრო დვალი (პერპინიანი), 31. დავით ბარამია (ტულონი), 36. გიგა ყიფშიძე (ხვამლი), 37. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 38. გიორგი ჯაში (არმია), 39. ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), 40. ლუკა კეშელავა (არმია), 41. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი).
მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია
მწვრთნელები: თორნიკე ბუბუტეიშვილი, მიხეილ ნარიაშვილი, რატი შანიძე, გიორგი ბეგაძე, ზურაბ ამონაშვილი
Rugby.ge