20 წ. | ოთხი ცვლილებით ირლანდიასთან

“უმცროსი ბორჯღალოსნების” სამწვრთნელო შტაბმა, 4 ივლისს ირლანდიასთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა და წინა შეხვედრის შემდეგ, სასტარტო 15-ში 4 ცვლილებაა.
2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ მატჩში, საქართველომ ავსტრალიას ტაიმი მოუგო (8:6), მაგრამ შესვენების შემდეგ მეტოქემ იმძლავრა – 11:35.
იმ თამაშის შემდეგ ხაზსა და შერკინებაში ორ-ორი ცვლილებაა. 9 ნომრის პოზიციაზე სასტარტო შემადგენლობაში ალექსანდრე ჯიღაური გამოჩნდა, ფრთაზე კი თამაშს ლუკა კეშელავა იწყებს. ძირითადში დაწინაურდნენ კვაჭი მიხეილ ხახუბია და მეორეხაზელი თემურ წულუკიძე.
ორი ახალი სახეა მარქაფაში. კვაჭის პოზიციაზე შეცვლაზე შოთა ხელაძე
შევა, ხოლო ბურჯად დავით ქუნთელია ითამაშებს.
ჩვენმა მომავალმა მეტოქე ირლანდიამ, რომელმაც წლევანდელი 20-წლამდელთა ექვსი ერი დაუმარცხებლად განვლო, მაგრამ ინგლისს 1 ქულით ჩამორჩა და მეორე ადგილი დაიკავა, 29 ივნისს იტალიას 8 ლელო გაუტანა და 55:15 დაამარცხა.
“უმცროსი ბორჯღალოსნების” მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია მომავალ თამაშთან დაკავშირებით ამბობს:
„გავიარეთ ჩვენი და ირლანდიის თამაშის ვიდეო-ანალიზი და დავისახეთ გეგმა, რითიც გვინდა მეტოქეს დავუპირისპირდეთ. ირლანდიის 20-წლამდე ნაკრები კარგად შეთამაშებული, შეკრული გუნდია, რომელიც იშვიათად ცვლის შემადგენლობას. მათ აქვთ სწრაფი რაქი, აწყობილი სისტემა და უამრავი ფაზით უტევს. ეს ჩვენთვის საინტერესო გამოწვევაა, რომელიც ბევრ რამეს გვასწავლის და გაგვზრდის, როგორც გუნდს“.
2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

მეორე ტური

სამხრეთ აფრიკა. სტელენბოში. „დენი ქრავენ სთედიუმი“

საქართველო – ირლანდია (16:00 საქ. დრო)

საქართველო

ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი (აია), 14. ლუკა ხორბალიძე (ლიონი), 13. ლუკა კობაური (ლეუკატე), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 10. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);
შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. თემურ წულუკიძე (იუნკერები), 5. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 6. ლუკა სულუაშვილი (ორიაკი), 7. ანდრო დვალი (ლელო), 8. ნიკა ლომიძე (ბეიონი, კაპ.).
მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო)17. ლუკა კოტორაშვილი (მონპელიე), 18. დავით ქუნთელია (პროვანსი), 19. მურთაზ ცხადაძე (არესი), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო); 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), 22. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 23. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო).
მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია
Rugby.ge