„20 წელი ჩავჯდები თუ გნებავთ, მსხვერპლად შევეწირები ბიძინა ივანიშვილს, ოღონდ დაანებოს ამ ბავშვებს თავი. ერთი მსხვერპლშეწირვა არ ეყოფა?“ — იკითხა პროევროპული აქციებისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ სასამართლო პროცესზე.
მან თქვა, რომ არ იცნობდა ამავე საქმის ფარგლებში დაკავებულ ახალგაზრდებს და ჯგუფურ ძალადობას ტელეპათიურად ვერ დაგეგმავდნენ. კასრაძემ მოუწოდა მოსამართლეს, განაჩენი გამოიტანოს სინდისისი კარნახით და გააათავისუფლოს უკანონო პატიმრები.
ვეფხია კასრაძის სიტყვა სასამართლო პროცესზე სრულად:
„მე ვერ დავინახე ვერანაირი ბრალეულობა ჩემს ქმედებაში. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერანაირი მტკიცებულება, თუ რა კავშირი მაქვს საერთოდ ამ ადამიანებთან, რა ქმედება ჩავიდინე და რა დავაზიანე, გარდა იმ უკანონოდ მოპოვებული, სულელური, მუხანათურად შეთხზული ვიდეოჩანაწერისა. მიჩნდება განცდა, რომ ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა პირადად ჩემი და ყველა იმ ახალგაზრდის, ვინც საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის. აბსოლუტურად დავკარგე ყველანაირი რწმენა და შთაბეჭდილება დღევანდელ სასამართლოზე. დღეს სასამართლო არის ყოველგვარ სამართალს მოკლებული, მიკერძოებული და ასრულებს ერთი კაცის დავალებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თუკი მე მომესჯება სასჯელი, როდესაც საქართველოსთვის თავდადებულ ადამიანებს, რომელსაც 20 წელი ბრძოლაში გვაქვს გამოცდილება, უკანონოდ გვასამართლებთ, მითხარით, გაუჩნდება რომელიმე ახალგაზრდას კიდევ იმის სურვილი, რომ თავისი სამშობლო დაიცვას? არა მგონია. როდესაც სამარცხვინო შემწეობა აქვს ვეტერანს… ერთხელ ჩემმა შვილმა მითხრა: კი, მამა, ამდენი იბრძოლე, მაგრამ სანაცვლოდ რა მიიღე? ეს მივიღე ზუსტად — უკანონო სასამართლო, დამცირება და ყველა ვეტერანის მორალური განადგურება. როგორ გგონიათ, მე-20 წლიანი გამოცდილების მქონეს ბრძოლაში, კიდევაც რომ მცნობოდა ეს ადამიანები, დავიჭერდი საქმეს 19 წლის ბავშვებთან თუ იმ უამრავ მეგობარს გამოვიყენებდი, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი? არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ რამე კავშირი მქონდა [ამ ახალგაზრდებთან]. ტელეპათი ხომ არა ვარ, რანაირად უნდა დამემყარებინა ამ ადამიანებთან კონტაქტი? პირველად აქ ვნახე და ბედნიერი, რომ ასეთი ოქროს თაობა გვყავს, ასეთი ღიმილის ბიჭები გვყავს და ჩვენ იმის მაგივრად, რომ ასეთ თაობას ვუფრთხილდებოდეთ, მომავალს ვუნადგურებთ. თქვენც ხომ გყავთ შვილები, ბატონო მოსამართლევ? თქვენც ხომ გყავთ შვილები, ბატონო პროკურორებო? მოდით, ჩავიხედოთ ჩვენს გულში. თქვენ ხომ კარგად იცით, რომ მე უდანაშაულო ვარ? მე ვიცი, რამხელა წნეხის ქვეშ ხართ, მაგრამ როდესაც საკუთარ თავთან მარტო დარჩებით, თქვენს სულში ჩაიხედეთ, ნამუსში ჩაიხედეთ და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამომავლოდ თქვენმა შვილებმა არ გითხრან: ეს რა გააკეთე, მამა. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, მე ამ უსამართლობას შევაკვდები და ღიმილით მოვკვდები. როგორც გინდა მაწამოთ, მე ამ უსამართლობას არ შევეგუები და მე ვაჩვენებ ისეთ თავდადებას და თავგანწირვას, რომელიც ჯერ არავის უნახავს. სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, გთხოვთ, ჩაიხედეთ თქვენს გულში, პატივი ეცით თქვენს მანტიას და სძლიეთ ამ ყველაფერს, რომ თქვენმა შვილებმა არ იცხოვრონ სირცხვილში. დღეს ახალი ისტორია იწერება, ახალი საქართველო იბადება. ხომ ყველას გვინდა სამართლიანი სამშობლო? 5 შვილის მამა ვარ. მცირეწლოვანი მყავს 7 წლის და ბავშვი არის განადგურებული, ისე ვენატრები. მე აღარ მინდა, რომ კიდევ ჩვენს შვილებს მოუწიოთ კიდევ ომში ყოფნა. ქართველი ხალხი იმსახურებს ძალიან მაგარ საქართველოს და ჩვენ ეს უნდა ავაშენოთ ერთად. გეფიცებით, 20 წელი ჩავჯდები თუ გნებავთ, მსხვერპლად შევეწირები ბიძინა ივანიშვილს, ოღონდ დაანებოს ამ ბავშვებს თავი. ერთი მსხვერპლშეწირვა არ ეყოფა? მზადა ვარ, მთელი სიცოცხლე გავიღო. თუ გინდა ამკუწონ, როგორც გინდა მაწამონ, დაანებონ ამ ახალგაზრდებს თავი და საერთოდ გაეშვას საქართველოს. მას არანაირი მორალური უფლება არა აქვს, საქართველო ჯიბეში ჩაიდოს. გონს მოვეგოთ. კარგი, მომისაჯეთ 9 წელი. მერე? ისედაც განადგურებული ფსიქიკით, ომი და უბედურება გამოვლილი, ჩემნაირი კაცი რომ გამოვა ციხიდან გაბოროტებული… მე ხომ გაბოროტებისკენ მიბიძგებთ? რაც სრულწლოვანი გავხდი, იქიდან მოყოლებული ჩემი თავი მივუძღვენი ჩემს სამშობლოს, სადაც ჩემი ერი იდგა, ყოველთვის იქ ვიდექი და სადაც ომი იყო, ყველგან ვიყავი და ყველგან წავალ და ყველგან ვიბრძოლებ ისევ თქვენი შვილებისთვის, ბიძინას შვილებისთვის, ყველას შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის“…
პროევროპული აქციების მონაწილე ვეფხია კასრაძეს ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს. მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. იმავე მუხლით დაპატიმრებულია კიდევ ორი ადამიანი – „ლელოს“ წევრი, ვასილ კაძელაშვილი და 19 წლის ზვიად ცეცხლაძე.
ამავე საქმის ფარგლებში დაკავებულია კიდევ 5 ახალგაზრდა – 18 წლის სტუდენტი საბა ჯიქია, 20 წლის სტუდენტი გიორგი გორგაძე, 19 წლის სტუდენტი ირაკლი მიმინოშვილი, 20 წლის სტუდენტი ნიკოლოზ ჯავახიშვილი და 24 წლის თორნიკე გოშაძე. მათ ბრალდება წარდგენილი აქვთ 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
