„2 წლის განმავლობაში „ენგურჰესის ატრაქციამ“ 110 000 ვიზიტორი მიიღო“ – ნიკა ანთიძე

„ენგურჰესის ატრაქციამ“ 2022 წლის ივნისიდან დაიწყო ოპერირება, როცა დავიწყეთ თვითონ ენგურზე ვიზიტორებისთვის ძალიან საინტერესო ობიექტის შექმნა. იმ დროიდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით 110 000 ვიზიტორი გვყავდა, რაც ნამდვილად კარგი რიცხვია“,- ამის შესახებ „ენგური ატრაქციას“ დირექტორმა ნიკა ანთიძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, დიდი მოლოდინია იმის, რომ უახლოეს პერიოდში ადგილზე ვიზიტორების რიცხვი მკვეთრად გაიზრდება და ამაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
„მოგეხსენებათ, „ენგურჰესი“ ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი და ის საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. „ენგურჰესი“ მსოფლიო მასშტაბით 10-ეულში შედის როგორც სიმაღლით, ისე ფართობით. ამიტომ მოლოდინები დიდია.
ვვითარდებით ინფრასტრუქტურულად და განვითარება გულისხმობს, რომ ვიზიტორებისთვის გვაქვს კინოთეატრი, სადაც ვაჩვენებთ 9-წუთიან ფილმს „ენგურჰესის“ მშენებლობის ისტორიაზე. აქ ასევე ვაჩვენებთ ანიმაციას, იმაზე, თუ როგორ მუშაობს ჰესი. გვაქვს ასევე არაჩვეულებრივი მხატვრის ქეთი მელქაძის ნამუშევრების გამოფენა-გალერეა. გვაქვს სუვენირების მაღაზიები, კაფეები. ასევე ემოციების გამოხატვის ოთახი. სულ ცოტა ხანში ამუშავდება კედელზე ჩოხის ატრაქცია. უკვე შემოგვეხმიანენ ადამიანები, რომელთაც ზიპლაინის მოწყობა უნდათ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ საინტერესო გავხადოთ ჩვენთან სტუმრობა და ველით, რომ ვიზიტორების რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება“, – აღნიშნა ნიკა ანთიძემ.
როგორც მან განმარტა, „ენგურჰესის ატრაქციაზე“ 3 ტიპის ტური იმართება, რომლებიც დროისა და აქტივობების მიხედვით განსხვავდევა. მოკლე ტურის ღირებულება 6 ლარია, საშუალო ხანგრძლივობის ტური 15 ლარი, ხოლო ხანგრძლივი ტურის ფასი 30 ლარია.
მისი თქმით, ამ ეტაპზე „ენგური ატრაქციის“ ვიზიტორების 70% უცხოელი ტურისტები არიან, რომლებიც სვანეთის მიმართულებით მიემგზავრებიან, 30%-ს კი ქართველი დამთვალიერებლები შეადგენენ.
ნიკა ანთიძის განცხადებით, ატრაქცია ნელ-ნელა სულ უფრო საინტერესო ხდება როგორც ვიზიტორებისთვის ასევე ინვესტორებისთვის.
„2018 წელს შეიქმნა პროექტი, რომელიც „ენგურჰესის ატრაქცია“ მსოფლიო დონის ობიექტად უნდა ექცია. ამ პროექტის ღირებულება 100 მლნ ლარი იყო. მე ცოტა სხვანაირად შევხედე პროცესს, რადგან ვიფიქრე, რომ ჯერ უცნობ ლოკაციაში ამ თანხის ჩადება ლოგიკური არ იყო. მთავარ მიზნად დავისახეთ ცნობადობის გაზრდა და ამას უკვე გარკვეულ დონეზე მივაღწიეთ. ჩვენი ობიექტი უკვე საინტერესოა ინვესტორებისთვის. მაგალითად ზიპლაინის გააკეთებს ინვესტორი, რომელიც თავად დაგვიკავშირდა და შემოგვთავაზა თანამშრომლობა. ჩვენ შევთანხმდით და უკვე მომავალი წლის გაზაფხულზე ვფიქრობ, რომ უკვე ზიპლაინი ამოქმედდება.
რაც შეეხება კედელზე ცოცვას, ეს უკვე წელსვე იქნება ვიზიტორებისთვის შეთავაზებული.
ასევე იგეგმება გარე ნაწილში ლიფტების გაკეთება და სხვადასხვა საინტერესო ინფრასტრუქტურული პროექტები“, – აღნიშნა ნიკა ანთიძემ.