2-წლიანი გამოსაცდელი ეტაპი თუ წევრობის შეჩერება – EQAR-ში რეგისტრაციის შეჩერების შემდეგ, საქართველო მისგან გადაწყვეტილებას ელოდება
საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (NCEQE) უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრაცია შეუჩერდა. ამის შესახებ ინფორმაცია EQAR-ის ოფიციალურ ვებსაიტზეა ხელმისაწვდომი.
EQAR-ის ვებსაიტზე ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტის რეგისტრაციის სტატუსში აღნიშნულია, რომ ცენტრის რეგისტრაცია EQAR-ის განაცხადების მიღების პროცედურის 4.15-ე პუნქტის შესაბამისად შეჩერებულია.
„უარყოფის გადაწყვეტილების შემდეგ სააგენტოს რეგისტრაცია შეჩერდება მანამ, სანამ საბოლოო გასაჩივრებაზე არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული ან გასაჩივრების ვადა არ ამოიწურება. გადაწყვეტილების საბოლოოდ მიღების შემდეგ, სააგენტო რეგისტრაციიდან სრულად მოიხსნება ან [რეგისტრაცია] შესაბამისად აღუდგება“, – წერია აღნიშნულ პუნქტში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის- თამარ სანიკიძის შეფასებით, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრში (EQAR) რეგისტრაციის გაუქმება საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის უდიდესი რეპუტაციული ზიანია. თუმცა, ამ ეტაპზე, საქართველო უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრი ჯერჯერობით ისევ არის. განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ EQAR-ის რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ, ქვეყანას 2- წლიან გამოსაცდელ ვადას მისცემენ.
„ეს ორი ორგანიზაცია, რეალურად ერთი და იმავე სტანდარტის მიხედვით აფასებს განათლების სისტემას. ასოციაციის წევრობა იძლევა საფუძველს, რეგისტრირებული იყო რეესტრში. ჩვენ პრობლემა გვაქვს რეესტრთან დაკავშირებით, თუმცა ჯერჯერობით ასოციაციის წევრად ვრჩებით. გასათვალისწინებელია, რომ ასოციაცია ელოდებოდა რეესტრის განცხადებას, მისი გადაწყვეტილება უფრო ახლოს რეესტრის გადაწყვეტილებასთან იქნება. თუმცა, ასოციაციის წევრობას აქვს შუალედური პროცედურა, რაც ნიშნავს, რომ ასოციაციამ შესაძლოა ცენტრი ე.წ დაკვირვების რეჟიმზე დასვას ორი წლის განმავლობაში. თუ ასე მოხდა, სწორედ ეს ორი წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, როცა ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უნდა აჩვენოს, როგორც შესაბამისი ცვლილებების განხორციელება საკანონმდებლო დონეზე, ასევე ეს ყველაფერი პრაქტიკით უნდა დაადასტუროს.
ხაზს ვუსვამ, რომ ცვლილებები უნდა იყოს სათანადო დონეზე. ცვლილება ვერ იქნება უმნიშვნელო ჩანაწერები ან რაღაცების რეგულაციების დონეზე გამოსწორება. ყველა ხარვეზი პრაქტიკაში ასახვით უნდა გამოსწორდეს, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. დიდი შანსია, რომ ასოციაციის წევრად დავრჩეთ, თუმცა მათ მუშაობაშიც იყო ეპიზოდები, როცა პოლიტიკური ზეწოლისა და ჩარევის გამო, ეს შუალედური ნაწილი არ გამოიყენეს და პირდაპირ ქვეყანა გამორიცხეს.
უნდა გამოვასწოროთ არა მხოლოდ ის დეტალები, რის გამოც დაგვიწუნეს, არამედ რეკომენდაციების ჩამონათვალში ისეთ რაღაცებზეა ყურადღება გამახვილებული, რისი გამოსწორებაც ასევე წაგვადგება.
დაკვირვების ეტაპი ცალსახად ზიანის მომტანია და ეს რეპუტაციული ზიანი საკმაოდ დიდია- ერთია, როცა არ ხარ წევრი, მაგრამ სხვა ევროპულ სასწავლებლებთან თანამშრომლობ, მაგრამ აბსოლუტურად სხვა სურათია, როცა წევრი ხარ და გამოგაგდებენ.
ეს ორი წელი შანსია, რათა ყველაფერი დავაბრუნოთ იმ ნორმალურ კალაპოტში, რომელიც განამტკიცებს ჩვენ პოზიციებს. ვიმეორებ, ჩვენ პრაქტიკამ შეგვიშალა ხელი. 2018 წელს, როცა ცენტრის შეფასება დაიდო, სასტარტო პირობებიც კი უკეთესი იყო, ვიდრე დღეს გვაქვს“,- აღნიშნა თამარ სანიკიძემ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის შეჩერების მიუხედავად, გაცვლითი პროგრამები, მაგალითად Erasmus+ არ გაუქმდება. ასევე, ქართული დიპლომების აღიარება შეფერხებით, თუმცა მაინც მოხდება. ყველაზე დიდი ზარალი კი განათლების ინტერნაციონალურ მიმართულებაშია მოსალოდნელი.
„ზოგადად, საერთაშორისო შემფასებლები ყოველთვის აკვირდებიან ამ ასპექტს, თუ რამდენად სრულდება ეს გაწერილი რეგულაციები პრაქტიკაში. უფრო მეტი პლუსი ეწერება, როცა შეიძლება რეგულაციაში რამე დანაკლისი იყოს, მაგრამ თუ დაწესებულების პრაქტიკა გვიჩვენებს,რომ ქვეყანა ხარისხზეა ორიენტირებული და ყველაფერს აკეთებს, კარგი შეფასების მისაღებად, ეს მას უფრო კარგ მდგომარეობაში აყენებს.
დიპლომების აღიარების მექანიზმები არსებობდა და იარსებებს საქართველოში, ზოგადად, ქვეყნები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ამ რეგულაციებს იცავდნენ. რადგანაც ეს ფაქტი მოხდა და ზიანი მოგვადგა, ბუნებრივია, პარტნიორი ქვეყნები უფრო მეტად ყურადღებით მოეკიდებიან აღიარების პროცესს. შესაძლოა, ეს აღიარების პროცესი უფრო გახანგრძლივდეს და უფრო დეტალიზირებული იყოს მოთხოვნები. ის, რომ ჩვენი დიპლომები არ აღიარონ, ამას ვერ დავუშვებთ. რაც შეეხება გაცვლით პროგრამებს; მაგალითად „ერასმუს პლუსს“, რომელიც უნივერსიტეტებში კარგად მუშაობს, ეს წევრობამდეც არსებობდა და მომავალშიც გაგრძელდება, ეს სხვა ხაზია და პრობლემა არ შეიქმნება. ერთადერთი, სადაც მწვავე პრობლემას ვხედავ, ამ სიფრთხილისგან გამომდინარე, ესაა განათლების ინტერნაციონალიზაცია, რაც გამოიხატება როგორც გაცვლით პროგრამებში, ასევე ორმაგი ხარისხის მიმნიჭებელი პროგრამების განხორციელებაში. ბუნებრივია, როცა რეპუტაციული ზიანი გაგდება, პარტნიორობის მაღალი დონე და სიხშირე უფრო დაბალი და ნაკლები ინტენსივობის იქნება”,- განაცხადა თამარ სანიკიძემ.
