180 დაკავებულიდან 93 პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ 15 აპრილიდან 17 მაისამდე პერიოდში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულების ნახევარზე მეტი, რომლებიც აპარატის თანამშრომლებმა მოინახულეს, სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს.
„სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აქციებზე დაკავებული 180 პირი მოინახულეს. [მათგან] 93 პირი მიუთითებდა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე“, – წერია სახალხო დამცველის გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ 71-მა ადამიანმა ითხოვა რეაგირება, რის გამოც მიმართეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მესამე, საბოლოო, მოსმენით მიიღო „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი, რომელსაც ერთ თვეზე მეტია, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში აპროტესტებენ დემონსტრაციებზე სახელწოდებით: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“
პოლიციამ “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციებზე, 15 აპრილიდან 9 მაისის საღამოს 9 საათამდე, 185 ადამიანი დააკავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის.
9 მაისს აქციებში მონაწილე კიდევ ექვსი ადამიანი დააკავეს – გამოძიება მათ სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენას, პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება.
დაკავებულთა ნაწილი პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე, არასათანადო მოპყრობაზე, ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს – ამ საქმეებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს, თუმცა არცერთი პასუხისმგებელი პირი ჯერ გამოკვეთილი არ არის.