18-21 ივნისს, ღამის საათებში, ხევი-უბისას მონაკვეთზე მოძრაობა ერთ ზოლზე განხორციელდება

18-21 ივნისს, ღამის საათებში, სამუშაოების წარმოების გამო, ხევი-უბისას მონაკვეთზე მოძრაობა განხორციელდება ერთ ზოლზე – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საქმე ის არის, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია მთლიან ჩარჩოვანი კონსტრუქციის მოწყობა, რის გამოც 18-21 ივნისს, 01:00 სთ-დან 05:30 სთ-ის ჩათვლით საჭიროა, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ153-კმ160 მონაკვეთზე (E60 ავტომაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთი) სავალი ნაწილის ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე შევიწროება (ხევი-უბისას და უბისა-ხევის მიმართულებებით).
ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა სავალი ნაწილი ჩაიკეტოს დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.