საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა 2025 წლის ექვსი ერის ფესტივალის გასახურებელი თამაში საფრანგეთთან გამართა და სტუმრებმა შარშანდელი მარცხისთვის რევანში აიღეს – 3:40.
უმცროსი ბორჯღალოსნები ექვსი ერის ფესტივალზე 7 აპრილს, საფრანგეთში გაემგზავრებიან 10 აპრილს იტალიას, 14-ში უელსს, ხოლო 18-ში ირლანდიას შეერკინებიან. მანამდე თბილისში, „ავჭალაზე“ საფრანგეთი გვეწვია. ეს იყო ჩვენი 18-წლამდელების უმეტესობისთვის პირველი საერთაშორისო თამაში და ეს გამოცდილება გუნდს ექვსი ერის ფესტივალზე უცილობლად წაადგება. მწვრთნელებს კი შეცდომების გამოსასწორებლად ერთ კვირაზე მეტი აქვთ.
საქართველო ადრეული ჯარიმით მე-5 წუთზე დაწინაურდა, რის შემდეგაც სამწუხაროდ მონაგარს ვეღარაფერი შემატა.
საპასუხოდ ფრანგებმა მოლით ორჯერ შემოგვიტიეს, თავი კარგად დავიცავით და ჩვენივე ლელოდან კონტრშეტევა წამოვიწყეთ, მაგრამ ფეხით თამაშის შემდეგ კონტრშეტევა აქეთ მივიღეთ, რა დროსაც ბოჭვა გაცუდდა და ლელო ალამთან მივიღეთ. რთული პოზიციიდან გარდასახვა ზუსტი იყო. ტაიმის ბოლოს სტუმრებმა მაღალ ტემპში კიდევ ერთი შეტევა განახორციელეს, დაცვაში დაზღვევამ დააგვიანა და პირველი ნახევარი 3:14 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ფრანგები 10 წუთით მოედანზე კაცნაკლული დარჩნენ, თუმცა ლელო მაინც მათ გაიტანეს. ფულბეკმა თავის ნახევარზე ჯარიმა სწრაფად გაითამაშა, სანამ დაცვა მოეწყო ხაზი გაჭრა და 70-მეტრიანი გარღვევა ლელოთი დაასრულა. მალე სინბინით მიხეილ ხოშტარია დაისაჯა, მოთამაშეთა რაოდენობა გათანაბრდა და 55-ე წუთზე მორიგო ლელო მივიღეთ. ფრანგებმა ბურთი დაუცველ ფრთაზე ფეხით გადაკიდეს და იქ მეტოქის შემჩერებელი აღარავინ იყო. დასკვნით წუთებში სტუმრებმა კიდევ ორი შედეგიანი შეტევა განახორციელეს და საბოლოოდ 40:3 გაიმარჯვეს.
მატჩის მთავარი მსაჯი პაპუნა ჭიქაბერიძე იყო, რომელიც საფრანგეთში მიდის და პირველად კარიერაში, ექვსი ერის ფესტივალს იმსაჯებს.
18-წლამდელების გასახურებელი თამაში
29 მარტი. თბილისი. „ავჭალა“. 1000 მაყურებელი
საქართველო – საფრანგეთი 3:40 (3:14)
საფრანგეთი
ხაზი: 15. დავით არობელიძე (არმია), 14. ივა კვირიაშვილი (ლელო), 13. დათა ახვლედიანი (ლელო, კაპ.), 12. დემეტრე დევდარიანი (სენტ მერი, ინგლისი), 11. ავთანდილ ზვიადაძე (აია), 10. ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), 9. გოგა უშვერიძე (აია);
შერკინება: 1. გაბრიელ რაზმაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 2. სანდრო გამყრელიძე (აკადემია), 3. დავით ხურციძე (ლელო), 4. ანდრია ბილანიშვილი (ინგლისი), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი), 6. იოსებ ღვინჯილია (ლელო), 7. გიორგი ზაზაძე (ხარები), 8. გიორგი არძენაძე (ბათუმი).
მარქაფა: 16. ლუკა წიკლაური (ხვამლი), 17. ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ოიონა, საფრანგეთი), 18. გიორგი ბერძენიშვილი (ლელო), 19. თაზო მეიფარიანი (აია), 20. შოთა გვრიტიშვილი (ლელო); 21. გიორგი ხონელიძე (ლელო), 22. გიორგი გაბუნია (ლელო), 23. მიხეილ ხოშტარია (ფოთი), 24. ლუკა ტაბატაძე (არმია), 25. გივი ჩიხლაძე (აია), 26. ზაზა ლეჟავა (აია).