17 ოქტომბრიდან დღემდე 70-მდე დემონსტრანტი დააკავეს — არასამთავრობოები

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, რეპრესიული ცვლილებების მიღებიდან, 17 ოქტომბრიდან დღემდე 70-მდე დემონსტრანტი დააკავეს.
მათ უმრავლესობას უკვე შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა. გუშინ აქციაზე 29 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ხოლო ერთი პირი — სისხლის სამართლის წესით.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, გამკაცრებული საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი მიზნებია:
· გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობის შეზღუდვა და ფაქტობრივად მოსპობაც კი;
· მოქალაქეების დაშინება და იძულება, თავი შეიკავონ პროტესტში მონაწილეობისგან;
· თვითცენზურის დონის გაზრდა კრიტიკული აზრის მქონე მოქალაქეებში;
· აქციების ორგანიზატორების და მონაწილეების სისხლის სამართლის დევნის ობიექტებად გადაქცევა;
· ნებისმიერი პროტესტის კრიმინალიზება.
„პროცესებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ აღნიშნული კანონების აღსრულება და დემონსტრანტების დაკავებები ხდება ამორჩევით. განსაკუთრებული სამიზნეები არიან საზოგადოებისთვის ცნობადი პირები, აქტივისტები და ჟურნალისტები. სავარაუდოდ, მათ დემონსტრაციულად და ძალის გამოყენებით დაკავებას საზოგადოებაში აქციაში მონაწილეობის შიშის და ტერორის გავრცელების მიზანი აქვს. აკავებენ ტროტუარზე მდგომ მშვიდობიან მოქალაქეებსაც კი, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ახალი რეპრესიული კანონითაც კი არ არის აკრძალული. დაკავებების ნაწილს წინ უსწრებდა წინა დღეებში მოქალაქეთა ჩხრეკა რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე და მათგან ამოღებული პირბადეების ნივთმტკიცებად დალუქვა. რაც შეეხებათ ვიდეო სამეთვალყურეო კამერების მეშვეობით შერჩეულ დემონსტრანტებს, მათ ხშირად გამოკითხვაზე გადაყვანის მოტივით ან/და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე აკავებენ და გადაჰყავთ ან სასამართლოში, ან დროებითი მოთავსების იზოლატორში“, — ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, დაკავებიდან სასამართლოში ან/და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანამდე, ინფორმაციას პირის ადგილსამყოფლის შესახებ ადვოკატებს და ოჯახის წევრებს არ აწვდის. ადვოკატებს უმეტესად არ აქვთ შესაძლებლობა, სასამართლო განხილვამდე დაცვის ქვეშ მყოფ პირს შეხვდნენ. საქმის განხილვა სასამართლოში დაჩქარებულად ინიშნება და დაკავებულებს საქმის მასალებს პირდაპირ სასამართლო პროცესზე აცნობენ.
„ადვოკატებს არ ეძლევათ საშუალება მოიძიონ მტკიცებულებები, წარადგინონ მოწმეები, სათანადოდ მოამზადონ საქმეზე დაცვის სტრატეგია და შეათანხმონ დაკავებულთან. პოლიციელების მიერ პირბადიანი ადამიანების დევნამ აბსურდული ფორმაც მიიღო. იყო შემთხვევები, როდესაც პოლიციელებმა გააჩერეს მოქალაქეები, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ეკეთათ პირბადე. დაკავებულებს შორის არიან ხანდაზმული პირები, არასრულწლოვანი ბავშვების დედები, ჟურნალისტები, მწერლები, მსახიობები, ექიმები და სამოქალაქო აქტივისტები. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ყველა ამ საქმეს განიხილავენ მოსამართლეები, რომლებიც უკვე დასანქცირებულნი არიან ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მიერ. ამ მოსამართლეებს შორის არიან: ზვიად ცეკვავა, მანუჩარ ცაცუა, ნინო ენუქიძე და კობა ჩაგუნავა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ როგორც ამ არადემოკრატიული კანონების ასევე მათი აღსრულების ფორმის ერთადერთი მიზეზი არის ხელისუფლების შიში საქართველოში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მიმართ. დაკავებულები ისჯებიან მხოლოდ ერთი მიზეზით — საქართველოს სიყვარულისა და თავისუფლებისადმი ერთგულებისთვის“, — აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.