150,000 ლარის თანადაფინანსების გრანტის პროგრამის ფინალურ ეტაპზე 50 სტარტაპერი გადავიდა – სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 150,000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპისთვის შერჩეული 50 მონაწილე სტარტაპერი 150 პრეტენდენტიდან შეირჩა, რომლებმაც საკუთარი ბიზნეს იდეების შესახებ განაცხადები ელექტრონული პორტალის – www.grants.gov.ge მეშვეობით წარადგინეს.
სამინისტროს ინფორმაციით, შერჩეული სტარტაპერები გადამზადდნენ ბიზნესგეგმის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ბაზრის კვლევის მიმართულებით.
თანადაფინანსების გრანტების პროგრამის კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის, საინვესტიციო კომისიის წინაშე წარსადგენად, სპეციალურად ამ პროგრამისთვის მოწვეული მენტორები ამზადებენ. გამარჯვებულები 2025 წლის 17 სექტემბერს გამოვლინდებიან. საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ სტარტაპებს ექნებათ შესაძლებლობა, გახადონ თავიანთი კომპანია უფრო წარმატებული და შეძლონ პროდუქტის გლობალურ ბაზარზე გატანა.
„ეს პროგრამაც და მთელი რიგი სხვა ღონისძიებებიც, სახელმწიფოს ჩართულობით განაპირობებს იმას, რომ დღეს საქართველო ნამდვილად ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი მთავარი მიზიდულობის ცენტრი რეგიონში ტექნოლოგიური სტარტაპებისა და ასევე ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. სახელმწიფოს როლი ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაიზრდება, მაგალითად, წლის ბოლოსთვის საქართველოში შემოვა ოთხი ახალი საერთაშორისო, უმაღლესი კატეგორიის აქსელერატორი, რაც ხელს შეუწყობს ქართული ეკოსისტემის, ქართული სტარტაპების კიდევ უფრო მეტ დაახლოებას გლობალურ ბაზრებთან და ხელმისაწვდომობას საერთაშორისო ინვესტიციებზე“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.