“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

„ალიას“ ვეტერანი რკინიგზელი, გია ყრუაშვილი სკანდალურ ისტორიებს უყვება საქართველოს რკინიგზაზე, იქნება ეს წარმოუდგენელი მასშტაბის კორუფცია, თუ უსაფრთხოების ნორმების დარღვევა. იგი ამტკიცებს, რომ საუბარია 150 მილიონი ლარის მიტაცებაზე, უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე კი არაერთი წერილით მიმართა რკინიგზის შესაბამის სამსახურებს, თუმცა, უშედეგოდ. იგი ინტერვიუში გვიყვება, რომ მასშტაბურ კორუფციაზე უკვე მიმართა გაჯცხადებით გენერალურ პროკურატურას, ანტიკორუფციულ სამსახურს, ფინანსურ პოლიციას და ირაკლი კობახიძია აპარატს.
150 მილიონი ლარის მიტაცება – წარმოუდგენელი მასშტაბის კორუფცია:
კორუფციაზე განსაკუთრებულად ბევრია სასაუბრო. ზეთი რომ არ იცვლება მატარებლებში და მატარებლებს გეგმიური შემოწმებები რომ არ უტარდება, იქ, კორუცფიის რა მასშტაბზეა საუბარი კი უნდა ხვდებოდეთ. მაგალითად, 18 მილიონი ჯართის სახით ჩამოწერეს და აორთქლდა. 18 მილიონი რომ აორთქლდა, ეს ფინანსთა სამინისტრომ ზუსტად ვიცი, რომ იცის. ფინანსთა სამინისტრომ თუ იცის, ცხადია, იცის, სუსმაც, ხომ? სად წავიდა ეს ფული? ვის ჯიბეში წავიდა? 18 მილიონი რომ გაქრა, იმ უწყებაში, არც ერთი მაღალჩინოსანი რომ ამის გამო არ გაუშვიათ, ეს რისი ნიშანია?
ყველაფერში „ატკატი“ შეიძლება აკეთო? თუ „ატკატი“ არაა, როგორ ხდება, რომ ამდენი კომპანიაა, ვინც ნაავარიები მატარებლის ერთ კაბინას გაგირემონტებს და წელიწადზე მეტია ეძებ და ეძებ… ჩნდება ლოგიკური ეჭვი, რომ სადაც ყველაზე მომგებიანი პირობებით „დალაგდნენ“ იქ აკეთებენ ბოლოს. ცხადია, მომგებიანი პირობებით საკუთარი თავისთვის, თორემ, რკინიგზა და რკინიგზელები რა დღეშია, კი ვყვები. ახლა შეთანხმდნენ ერთ კომპანიასთან, რომ 5 მილიონად გაურემონტოს მატარებლის კაბინა, ერთი ცალი კაბინა გაურემონტოს, 5 მილიონ ლარად. მთლიანი მატარებელი ვიყიდეთ, თავის კაბინიან–ვაგონებიანად რამდენიმე წლის წინ 9 მილიონად. ერთი კაბინის გარემონტება რანაირად ღირს 5 მილიონი? ან 5 მილიონს თუ იხდიდნენ, თითქმის ორი წელი რატომ ეგდო ეს კაბინა უპატრონოდ? ბევრს, ალბათ, არ ახსოვს, მაგრამ საქართველოს რკინიგზა ყველაზე გამართული იყო რეგიონში და იქეთ ვურემონტებდით სხვა ქვეყნებს მატარებლებს.
ყველა ის დარღვევა, რასაც ვყვები – სწორედ კორუფციის გამო ხდება, კორუფციის გამოა მატარებლები ისეთ დღეში რომ ჩააგდეს, საფრთხე რომაა ადამიანისთვის მატარებლით მგზავრობა. მემანქანეს ნორმალური კვება და ძილი რომ არ აქვს, ეგაც კორუფციის გამო ხდება, რკინიგზიდან რკინიგზელებს რომ ყრიან, ან თავად გარბიან, რათა არ შეუძლიათ ამ პირობებში მუშაობა, ესეც კორუფციის „დამსახურებაა“. თუ დაინტერესდებით და გააგრძელებთ ამ თემაზე მუშაობას, მინიმუმ ათამდე გამოცდილ რკინიგზელს გაგასაუბრებთ, იმათ, ყველაზე კარგად რომ იციან რკინიგზის შიდა სამზარეულო. იმათ, ვინებიც იძულებულნი გახდნენ წამოსულიყვნენ და მიეტოვებიათ საქმე, რომლებსაც წლებია აკეთებენ, რომელიც უყვართ და ან რომლებიც, უბრალოდ გამოაგდეს.
და ბოლოს, კიდევ ერთი სკანდალური ინფორმაციით დავამთავრებ დღევანდელ ინტერვიუს, რომელიც უკვე ჩემი პირადი სიცოცხლის დაზღვევაც უნდა იყოს, რადგან ახლა „ალიასთან“ პირველად, ექსკლუზიურად და ღიად ვიტყვი, რომ მაქვს 150 მილიონის მიტაცების დოკუმენტები. პროკურატურაში შეტანილ მასალებში წვრილად ვსაუბრობთ ამაზე და უახლოეს პერიოდში, თქვენც მოგაწვდით დოკუმენტებს. საუბარია 150 მილიონი ლარის მიტაცებაზე. 150 მილიონი ლარის კორუფცია – რამდენად დიდი მასშტაბისაა, ხომ ხვდებით? 150 მილიონის გამო, მე, ადამიანი, ვისაც მალე სახლს წაართმევს ბანკი და რომელსაც ავადმყოფი შვილი რჩება მკურნალობის გარეშე ქუჩაში, ერთ დღეს, რომ გამაქრონ, სულაც არ იქნებოდა დაუჯერებელი. ამიტომ, ეს ინტერვიუ, ჩემი სიცოცხლის დაზღვევაა. 150 მილიონის მიტაცებაა ის, რა მასალებიც გვაქვს და რომ ჩაუსხდნენ და გამოიძიონ, დარწმუნებული ვარ, ბევრად ამაზე მეტს იპოვიან.
ჩვენ, რკინიგზელები, რომლებიც არ ვაპირებთ გაჩერებას, ვამბობთ პროკურატურასთანაც, მედიასთანაც, ხალხთანაც, რომ თუ ჩვენი ნათქვამი არ დადასტურდება, მზად ვიქნებით, ცილისწამებისთვის ბოდიში მოვიხადოთ, იმდენად გამყარებული გვაქვს ჩვენი საჩივარი დოკუმენტებით და იმდენად ვართ დარწმუნებულნი ჩვენს სიმართლეში.
ცნობისთვის, „ალია“–ს საქართველოს რკინიგზის პრესსამსახური, უკვე მეორე წელია, არ პასუხობს, უცნობია, იცის თუ არა, რომ უარიც პასუხია და დუმილიც პასუხია. სხვათა შორის, დუმილი ყველაზე ცუდი პასუხია, ცუდი თავად საქართველოს რკინიგზისთვის.
„ალია“ გააგრძელებს რკინიგზაში კორუფციისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევების გამოვლენაზე მუშაობას. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს რკინიგზა, დუმილს დაარღვევს და პასუხები ექნება ჩვენს კითხვებზე, რომლებიც მრავლად დაგროვდა, მასალა განახლდება.
თამო კეშელავა, “ალია”
555 46 08 04