15 აპრილს, “აგენტების კანონის” განხილვის დაწყების პარალელურად, საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების წესებს ამკაცრებს. ამ დღეს საკანონმდებლო ორგანოში სრულად იზღუდება ვიზიტორების შესვლა, პარლამენტიდან მუშაობის უფლება არ ეძლევათ ონლაინ მედიის ჟურნალისტებს. სადავო კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენას და გაშუქებას საქართველოს პარლამენტში ვერც ის ჟურნალისტები შეძლებენ, ვისაც თავად პარლამენტის მიერ გაცემული აკრედიტაცია აქვს.
პარლამენტი მედიის მუშაობის შეზღუდვას უსაფრთხოების ნორმებით ხსნის. “აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა” – წერია საქართველოს პარლამენტის 14 აპრილის საღამოს გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებას დასაბუთება არ ახლავს თან. მასში ნათქვამია მხოლოდ ის, რომ 15 აპრილს საკანონმდებლო ორგანოში “უსაფრთხოების ყვითელი დონე” იმოქმედებს. საფრთხის დონეების მიხედვით დაყოფის წესი საქართველოს პარლამენტში მოქმედი თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინიციატივა იყო. ამ წესის მიხედვით, ყვითელი დონე საშუალებას იძლევა შეიზღუდოს ჟურნალისტის სპეციალური აკრედიტაციის გაცემა ან/და აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტს შეეზღუდოს საქართველოს პარლამენტის შენობაში შესვლა.
პარლამენტში ონლაინ მედიისთვის დისკრიმინაციული წესის ამოქმედების ფონია საქართველოს პარლამენტში “რუსულ კანონად” წოდებული “აგენტების კანონის” დაბრუნება განსახილველად – ეს კანონი “ქართულმა ოცნებამ” 2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციების და დასავლეთიდან მძლავრი კრიტიკის შედეგად უკან გაიწვია. კანონის უკან დაბრუნების აუცილებლობას ხელისუფლება “გამჭვირვალობის პრობლემებით” ხსნის – მთავრობა, რომელიც არასამთავრობო სექტორისა და მედიის ნაწილს “უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებად” მოიაზრებს, თავად წლებია უარს ამბობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოქვეყნებასა და გაცემაზე.
საქართველოს პარლამენტი “აგენტების კანონის” განხილვას 15 აპრილს აპირებს – საპარლამენტო განხილვის პარალელურად მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას გეგმავენ.