14 წლის მოზარდის გაუპატიურებისთვის ბრალდებული ბიძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

კახეთში, 14 წლის მოზარდის გაუპატიურებისთვის ბრალდებული ბიძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.
პროცესზე დაცვის მხარე 20 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა იმ არგუმენტით, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, სიძის მოკვლა განზრახული არ ჰქონია.
როგორც ადვოკატი აცხადებს, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაულის ჩადენის შესახებ სამართალდამცველებს თავად აცნობა.
“ჩვენ შევთავაზეთ სასამართლოს 20 000 ლარიანი გირაო. სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა. ისარგებლა სიტყვის თქმის უფლებით. თქვა, რომ იყო აფექტის მდგომარეობაში. როდესაც ნახა და შეეკითხა იმ ადამიანს, რომ ეს მართლა მან გააკეთა თუ არა, როდესაც მიიღო ამის პასუხი, შემდეგ მოხდა ეს დანაშაული. ჩაბარდა თავის ფეხით, ანახა სად მოხდა დანაშაული, თავის ფეხით მიუტანა დანა და მთლიანად ითანამშრომლა გამოძიებასთან თავიდან ბოლომდე,” – აცხადებს ადვოკატი თორნიკე ჩიქოვანი.
პროკურორი კი, პატიმრობის შუამდგომლობის საფუძვლად, ბრალდებულის მხრიდან ხელახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხეებს ასახელებდა.
“ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა, ვინაიდან არსებობდა კონკრეტული ხელშესახები საფრთხეები, მათ შორის ახალი დანაშაულის ჩადენის და კონფლიქტის შემდგომი გაგრძელებისა და ესკალაციის. ბრალდებული მოქმედებდა შურისძიების მოტივით, დაზარალებულის მოკვლის განზრახვით. დაზარალებულმა განახორციელა ბრალდებულის ახლობლის შესაძლო გაუპატიურება, რის გამოც, ბრალდებულმა დაზარალებულს მიაყენა მრავლობითი ჭრილობები,” – აცხადებს პროკურორი მიხეილ კუპრაშვილი.
ცნობისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მამიდის ქმარმა 14 წლის გოგო გააუპატიურა. მას შემდეგ რაც არა სრულწლოვანის ნათესავებმა მომხდარის შესახებ შეიტყვეს, მოძალადე კაცი ცივი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.

ასევე დაგაინტერესებთ