14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულ “ქმარს” უვადო პატიმრობა მიესაჯა

14 წლის გოგოს, აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ “ქმარს” თელავის რაიონულმა სასამართლომ უვადო პატიმრობა შეუფარდა.
“კმაყოფილი ვარ მოსამართლის გადაწყვეტილებით. თავს ისე ვგრძნობ თითქოს ჩემი შვილი ცოცხალია, რადგან სამართლიანი განაჩენი დადგა. აითაჯის მკვლელი სამუდამოდ ციხეში ყოფნას იმსახურებს. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული და გვეხმარებოდა”. – თქვა შახმაროვას მამამ [ფორმულას სინქრონული თარგმანი].
საგარეჯოში 14 წლის გოგო “ქმარმა” 6 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა. ის ოთხდღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია მოკლულის დედა და ბიძაც. მკვლელობაში ბრალდებულის ბიძასა და ბიძაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით თელავის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალად მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ.

ასევე დაგაინტერესებთ