14 წლის აითაჯის მკვლელს უვადო პატიმრობა მიესაჯა

ადრეული ქორწინების მსხვერპლის, 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს თელავის რაიონულმა სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსამართლე მამუკა წიკლაურმა ის დამნაშავედ ცნო “ოჯახის წევრის მიმართ, გენდერული ნიშით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში”.
“ბრალდებული ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109 მუხლის გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით დაენიშნოს უვადო თავისუფლების აღკვეთა”, – განაცხადა სასამართლო სხდომაზე თელავის მოსამართლე მამუკა წიკლაურმა.
სასამართლო სხდომა დახურული იყო. დასრულების შემდეგ პროკურორმა, ვლადიმერ ბექიშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლემ სრულად გაიზიარა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. მათ შორის, საგამოძიებო მოქმედებების ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები და მოწმეთა ჩვენებები.
“წარდგენილი იყო მოწმეთა ჩვენებები. ასევე, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნები, საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმები, რომლებიც მიუთითებდა ასიმ სადიგოვის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტს. შესაბამისად, გაიზიარა მოსამართლემ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – განაცხადა პროკურორმა.
ადრეული ქორწინების მსხვერპლი გოგონას, 14 წლის აითაჯის საქმეზე ბრალი კიდევ ოთხ პირს აქვს წარდგენილი. მათ შორის, აითაჯის დედას და ბიძას, რომლებსაც გამოძიება ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ასევე, მსჯავრდებული ასიმ სადიკოვის ბიძასა და ბიძაშვილს. მათაც დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ ბრალად.
აითაჯ შახმაროვა 2023 წლის 14 ოქტომბერს მოკლეს. პროკურატურის ვერსიით, იქამდე მას “ქორწინება” აიძულეს. გოგონა სახლიდან გაქცევას რამდენჯერმე შეეცადა. ბოლო მცდელობისას ის 28 წლის კაცმა მოკლა.
პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალის მიხედვით, მკვლელობაში ბრალდებული თვლიდა, რომ აითაჯმა გაქცევით შეურაცხყოფა მიაყენა და, როგორც ქალს, არ ჰქონდა საკუთარი პირადი ცხოვრების განკარგვისა და მასთან ქორწინებაზე უარის თქმის უფლება
ამავე თემაზე:
· სად იყო სკოლა, როცა აითაჯს დახმარება სჭირდებოდა?