13,14 და 15 ივნისს ქუთაისი გემო ფესტს მასპინძლობს – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

გემო ფესტი ქუთაისში ბრუნდება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გასტრონომიული ფესტივალი იმერეთში გაიმართება – ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში, ქუთაისელებსა და ქუთაისის სტუმრებს საშუალება ექნებათ სამი დღის განმავლობაში, დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები.
ფესტივალში იმერეთიდან 50-მდე ღვინის, კვების და სამეწარმეო ობიექტი მიიღებს მონაწილეობას.
მოეწყობა კვების სივრცეები, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი, გასართობი სივრცეები და ფოტო ზონები. გემო ფესტის ფარგლებში გაიმართება კონცერტი.
ფესტივალის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.
გემო ფესტი იმერეთის მხარდამჭერები არიან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და კომპანია ბორჯომი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.