120-მდე ღვინის კერძო კომპანიამ უკვე გამოხატა 2025 წლის რთველში ჩართვის სურვილი – ღვინის ეროვნული სააგენტო
რთველის საკოორდინაციო შტაბში, 26 აგვისტოს მდგომარეობით, უკვე 120-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან.
„გასული წლების გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენი მოლოდინია, რომ ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ,საბოლოო ჯამში, ჩართული იქნება 400-მდე ღვინის საწარმო. საკოორდინაციო შტაბი სრულ მზადყოფნაშია, რომ რთველი ჩატარდეს წარმატებით და ყველა მევენახემ შეძლოს მოსავლის სრულად და შეუფერხებლად დაბინავება. რთველის მხარდასაჭერად, სახელმწიფოს მხრიდან მიღებული წლევანდელი გადაწყვეტილება მიმართულია, რომ დაფასდეს მევენახის შრომა და უფრო მეტად დაფასდეს ის ფერმერი, რომელიც აწარმოებს ჯანსაღ და კონდიციურ ყურძენს“ – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.
რთველის საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 და ასევე რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზზე – 0322 193 283.
2025 წლის რთველის პროცესში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ვერ შეისყიდის მთელ მოსავალს, ჭარბი ყურძნის მიღებას სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ უზრუნველყოფს. კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს სახელმწიფო საწარმო 1.50 ლარად ჩაიბარებს, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ – სხვა საღვინე ჯიშებს 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს – 1.00 ლარად.
ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
