12 (25) დეკემბერი – ღირსი მამა ჩვენი იოანე, ზედაზნის წინამძღვარი, სარკინოზთაგან წამებული (IX)

წმიდა იოანე მოღვაწეობდა ზედაზნის მონასტერში, რომელიც დააარსა ღირსმა იოანე ზედაზნელმა (ხს. 7 მაისს), ანტიოქიიდან ჩამოსულმა ბერმა, რომელიც ღვთისმშობლის გამოცხადებით მოვიდა ქართლში სარწმუნოების განსამტკიცებლად და ქვეყანაში ბერ-მონაზვნური ცხოვრების ასაღორძინებლად.
თანდათან ზედაზენი საქართველოს სულიერებისა და კულტურის ჩაუქრობელ ლამპრად იქცა. ზედაზნელი მამები ზრუნავდნენ მონასტრის კეთილდღეობაზე, ეწეოდნენ აღმშენებლობით საქმიანობას.
სიწმიდითა და ძმათამოყვარეობით გამორჩეული წმიდა იოანე ზედაზნის მონასტრის წინამძღვრად იქნა დადგენილი. სულიერების ეს ერთ-ერთი უდიდესი კერა IX საუკუნეში არაბთა შემოსევების შემდეგ სარკინოზთა რბევის საგნად იქცა. ერთ-ერთი შემოსევის დროს არაბებმა შეიპყრეს და წამებით მოკლეს მონასტრის წინამძღვარი იოვანე.
არსენ II-ის (XIII ს. I ნახევარი) მიერ შედგენილ ზედაზნელ წინამძღვართა სიაში („სახელები წმიდათა მამათა, ქრისტეს მიერ აღსრულებულთა ზედაძენს შინა შემდგომად იოანესსა“) მოხსენიებულია იოანე, „რომელი მოიკლა სარკინოზთაგან ზედაზენს შინა მახჳლითა“. ეს მოხდა IX საუკუნეში.
საქართველოს ეკლესიამ წმიდანად შერაცხა მოძალადე ურწმუნოთა ხელით აღსრულებული ბერი.
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ქართულმა მხარემ დამალა ჩორჩანაზე ცხინვალის რუსული საოკუპაციო რეჟიმის პოზიციები, გასაგებია რატომაც – კოჩიევის შეფასებით, უკვე არსებობს გარკვეული პოზიტიური ძვრები, რის დასტურადაც მოჰყავს გახარიას მიმართ დაწყებული დევნა