12 მილიონამდე ლარის მოტყუებით დაუფლებას ედავებიან “სფერო ჰოლდინგის” დამფუძნებელს და “სფერო ინვესტის” დირექტორს

“სფერო ჰოლდინგის” დამფუძნებელი გივი წულეისკირი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზეა დაკავებული – ამის შესახებ 11 ნოემბერს გახდა ცნობილი პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, თავად წულეისკირის დაკავების ფაქტზე ინფორმაცია კი 10 ნოემბერს გავრცელდა.
პროკურატურის ბრიფინგზე გაირკვა ისიც, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო “სფერო ინვესტის” დირექტორის, გიორგი მურუსიძის მიმართაც.
გამოძიების მიხედვით, “სფერო ჰოლდინგმა” და “სფერო ინვესტმა” 244 მოქალაქესთან გაფორმებული სხვადასხვა ხელშეკრულების ფარგლებში, ჯამში, 12 მილიონამდე ლარი მიითვისეს უკანონოდ. პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ მითვისებული თანხის ოდენობა და დაზარალებულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.
გამოძიების ვერსიით:
· გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ ფიზიკური პირებისაგან დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, შპს „სფერო ჰოლდინგის“ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს იურიდიული პირი – „სფერო ინვესტი“, რომლის დირექტორად გაფორმდა გიორგი მურუსიძე, თუმცა საწარმოს ფაქტობრივ მართვას გივი წულეისკირი და გიორგი მურუსიძე ერთობლივად ახორციელებდნენ.
· გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ოქტომბრამდე, „სფერო ინვესტის“ სახელით ფიზიკურ პირებთან გააფორმეს „უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის“, აგრეთვე ე.წ. კაპიტალდაბანდების შესახებ ხელშეკრულებები. კერძოდ: უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკურ პირებს „სფერო ინვესტის“ ანგარიშზე შეჰქონდათ თანხები, რის შემდეგაც „სფერო ინვესტი“ მათთვის მესამე პირებისაგან ქირაობდა ბინებს. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ ორგანიზაციას სრულად უნდა დაებრუნებინა მოქალაქეების მიერ შეტანილი თანხები, რაც არ გააკეთა და ასეულობით მოქალაქე საცხოვრებლის გარეშე დარჩა.
· თანხების დაუფლების კიდევ ერთი გზა იყო ,,კაპიტალდაბანდების შესახებ“ ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც მოქალაქეები „სფერო ინვესტის“ ანგარიშზე რიცხავდნენ თანხებს, კომპანიას კი მათთვის უნდა გადაეცა ყოველთვიური სარგებელი, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, მოქალაქეთა მიერ შეტანილი თანხები სრულად უნდა დაებრუნებინა, თუმცა არ დააბრუნა.
„სფერო ჰოლდინგს“ ბოლო თვეებია არაერთი მომჩივანი ჰყავს – მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ ბანკებიდან სესხი აიღეს და ინვესტიციის სახით კომპანიაში ჩადეს. ჩადებული ფულის სანაცვლოდ ისინი კომპანიას ბინით უნდა უზრუნველეყო. დაზარალებულთა ნაწილი ამბობს, რომ ბინებიდან გამოუშვეს და კომპანიამ კუთვნილი ფული არ დაუბრუნა.
თავად “სფერო ჰოლდინგის” დამფუძნებელი მედიაში ხშირად ლაპარაკობდა მევახშეებით დაზარალებულების პრობლემებსა და უძრავი ქონების სფეროში არსებულ თაღლითურ სქემებზე.
ფორუმი