11 პირის სხდომაზე მოსამართლის დანიშნული ადვოკატები ითხოვდნენ თვითაცილებას – მოსამართლე კანონის ციტატების წაკითხვას ზღუდავს

ანტისამთავრობო აქციების მონაწილე 11 პირის სასამართლო სხდომაზე, რომლებსაც გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავება, მოსამართლის მიერ დანიშნულმა საზოგადოებრივმა ადვოკატებმა თვითაცილების შუამდგომლობა დააყენეს და ითხოვეს ჩამოშორდნენ ამ საქმეს, რადგან მათი საჭიროება ბრალდებულებს, რომლებსაც უკვე ჰყავთ ნდობის აღჭურვილი ადვოკატები, არ აქვთ.
მათი ნების გარეშე დანიშნული ადვოკატების აცილების შუამდგომლობა დააყენეს ბრალდებულებმაც – მათ თქვეს, რომ პიროვნულად არც ერთ ადვოკატთან პრობლემა არ აქვთ და მათ პატივისცემას უდასტურებენ, თუმცა ამბობენ რომ დამატებითი ადვოკატების საჭიროება არ არსებობს.
დღევანდელ პროცესზე სამი სახაზინო ადვოკატი, ირაკლი ბენია, სალომე არდოტელი და დალი თუშიშვილი გამოცხადდნენ.
„მე როგორც იურიდიული დახმარების საზოგადოებრივ ადვოკატს პრეტენზია მაქვს, რომ ჩემზე დაკისრებული სამართლებრივი მოვალეობები შევასრულო პირნათლად და უმაღლეს დონეზე. ამის გათვალისწინებით, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის რა დროს ინიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი – საზოგადოებრივი ადვოკატი ინიშნება საქმეზე მაშინ, როდესაც არსებობს სავალდებულო დაცვის შემთხვევა.
ამ შემთხვევაში, ყველა ვთანხმდებით, რომ სავალდებულო დაცვის შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ ადვოკატსა და დასაცავ პირს შორის ურთიერთობა უმთავრესად ემყარება ნდობას, მე ვერ დავიცავ ადამიანს, რომელსაც ჰყავს ადვოკატი, რომელსაც ნდობას უცხადებს. მნიშვნელოვანი აქ არის კიდევ ის, რომ თითოეულის ადვოკატი, ვისი ინტერესების დამცველ ადვოკატადაც მე დავინიშნე, დღეს გამოცხადებულია პროცესზე და მათი მხრიდან არანაირად არასდროს არ ჰქონია პროცესის გაჭიანურების სურვილის ადგილი.
შესაბამისად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბუნებრივია, ვეთანხმები ბიჭებს და იმედი მაქვს, რომ სასამართლოს მოლოდინი არ აქვს იმის, რომ ვაი და რომელიმე ადვოკატი არ გამოცხადდება, საზოგადოებრივი ადვოკატები იქნებიან პროცესზე და განახორციელებენ დაცვას, იმიტომ, რომ ეს ფიზიკურად არც მოხდება, არც დავუშვებთ და არც მივესალმებით“, – თქვა სალომე არდოტელმა სასამართლო სხდომაზე.
“როგორც მოგეხსენებათ, იურიდიული სამსახურში არ არის ბევრი ადვოკატი, შესაბამისად, ყველა საქმეში ვერ მივიღებთ მონაწილეობას, მით უმეტეს, როდესაც დაკავებულ ბრალდებულებს ჰყავთ მათ მიერ შერჩეული ადვოკატი და სავალდებულო დაცვას არ ექვემდებარებიან.
შესაბამისად ზედმეტი დრო და რესურსი არ უნდა დაიხარჯოს. ბრალდებულებს ზოგს ორი ადვოკატი ჰყავს, ზოგს – სამი, ზოგს – ოთხი. ჩვენ გვაწერია ისეთი საქმეები, რომელთა უფლებებს ვიცავთ, რომელთაც მომკითხველიც კი არ ჰყავს. აქ დღეს დარბაზი პრაქტიკულად გადაჭედილია, უამრავი მხარდამჭერი ჰყავთ. ჩვენ ისეთი ადამიანების დაცვა გვიწევს, რომლებსაც მომკითხველიც კი არ ჰყავთ. ვემსახურებით მათ უფასოდ, ზედმეტი დრო და რესურსი არაა საჭირო, რომ დაიხარჯოს. მით უმეტეს, კვალიფიციური ადვოკატები ჰყავთ და პირად კომუნიკაციაშიც არ შემოდიან“, – უთხრა სასამართლოს ადვოკატმა ირაკლი ბენიამ.
“ჩვენ, სავალდებულო დაცვით დანიშნული ადვოკატები უარს არ ვაცხადებთ, რომ ვიყოთ ამ ბრალდებულების წარმომადგენლები, განვახორციელოთ მათი უფლება. სწორედ ამ მიზნით არის კონვენციაც გათვალისწინებული, საქართველოს კონსტიტუცია, სისხლის სამართლის კოდექსი სწორედ ამ მიზნით არსებობს, რომ ჩვენ დაცვის ეფექტურობა განვახორციელოთ, დავიცვათ ბრალდებულის უფლებები და პირიქით, ხელი შევუწყოთ მათი უფლებების რეალიზებას. ჩვენ თუ აქ დავრჩებით რომელი უფლების რეალიზებას შეეწყობა ხელი, როდესაც ბრალდებულებს ჩვენთან კომუნიკაცია არ სურთ. ამ კითხვაზე მინდა სასამართლომ მიპასუხოს, თუ ჩვენი აცილების შუამდგომლობა არ იქნება დაკმაყოფილებული“, – კითხა მოსამართლეს ადვოკატმა დალი თუშიშვილმა, რომელიც ირაკლი ქერაშვილის, გიორგი ტერიშვილისა და სრგეი კუხარჩუკის ადვოკატად დაინიშნა სავალდებულო წესით.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა არც სახაზინო და არც კერძო წესით აყვანილ ადვოკატებს შეუზღუდა კანონიდან შესაბამისი ციტატების წაკითხვის საშუალება, რომლითაც ისინი განმარტავდნენ, რომ საზოგადოებრივი ადვოკატების ჩართვა ამ საქმეში საჭირო არ იყო. მოსამართლემ პოზიციების მოსმენის შემდეგ, რასაც დაახლოებით ერთი საათი დაჭირდა, ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
საზოგადოებრივი ადვოკატების ბრალდებულების ნების გაუთვალისწინებლად დანიშვნის ფაქტზე 25 ივნისს განცხადება გაავრცელა ადვოკატთა ასოციაციამ.
“მოსამართლის გადაწყვეტილება ქმნის სახიფათო პრეცედენტს, რომელიც უხეშად ერევა მხარეთა ავტონომიაში, ამცირებს ადვოკატთა დამოუკიდებლობას, აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობის სანდოობას და საფრთხეს უქმნის სამართლიანი პროცესის განხორციელებას.
ადვოკატთა ასოციაციას მიაჩნია, რომ მსგავსი სასამართლო გადაწყვეტილებები არა მხოლოდ ზღუდავს ბრალდებულების მიერ არჩეული ადვოკატით დაცვის უფლების განხორციელებას, არამედ დისკრედიტაციას უწევს ადვოკატის პროფესიულ როლს და აზიანებს სამართლიანი მართლმსაჯულების საფუძვლებს. ამასთან, მიგვაჩნია, რომ ასეთი პრაქტიკა არღვევს არა მხოლოდ საქართველოს მოქმედ სამართლებრივ ნორმებს, არამედ ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას” – ნათქვამი იყო განცხადებაში.
ამავე ტექსტში ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის მითითებით არის განმარტებული დაცვის უფლება და არსებული სტანდატები.
“საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყველა ადამიანს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი უფლებები სასამართლოში, მათ შორის — მის მიერ შერჩეული ადვოკატის მეშვეობით; სისხლის სამართლის კოდექსის 38-ე მუხლი ბრალდებულს ანიჭებს უფლებას, აირჩიოს და ნებისმიერ ეტაპზე შეცვალოს ადვოკატი; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლი აწესებს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულის ადვოკატი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე და ეს აფერხებს საქმის განხილვას, შესაძლებელია სასამართლოს მიერ საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნა, სავალდებულო წესით. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, ბრალდებულის უფლება, თავად აირჩიოს ადვოკატი, არ იზღუდება და არჩეული ადვოკატის გამოცხადებისთანავე სავალდებულოდ დანიშნული ადვოკატი საქმეს უნდა ჩამოშორდეს.
ადვოკატის თავისუფლად არჩევის უფლება მკაცრად არის დაცული საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებითაც: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ითვალისწინებს ბრალდებულის უფლებას, „დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული ადვოკატის მეშვეობით“; გაეროს ძირითადი პრინციპები ადვოკატთა როლის შესახებ ადგენს, რომ ყველა ბრალდებულს აქვს უფლება, თავისუფლად აირჩიოს ადვოკატი და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამ უფლების რეალიზება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. Salduz vs. Turkey, Artico vs. Italy, Croissant vs. Germany) ხაზს უსვამს, რომ დაცვის უფლება მოიცავს ბრალდებულისა და ადვოკატს შორის ურთიერთობის ნდობასა და კონფიდენციალურობაზე დაფუძნებულ გარემოს, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია არ ჩაერიოს ამ ურთიერთობაში, გარდა მკაცრად განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის” – განმარტა ადვოკატთა ასოციაციამ.
ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი ბოლო თვეებია პატიმრობაში არიან. მათ ბრალი წაუყენეს პროევროპულ აქციებში მონაწილეობის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით და მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: შეიძლება რომ ოპოზიციურმა პარტიებმა თხოვონ ევროკავშირის ელჩს რომ ძალიან ნელა, დამარცვლით და სწორ ადგილას დასმული აქცენტებით თარჯიმანის დახმარებით თქვას ასეთი წინადადება…

ონისე ცხადაძე მოწმე პოლიციელს – თქვენ თქვით, პრეტენზია მაქვს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაზეო, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით – არც სამხედრო გამოცდილება მაქვს, იარაღი ხელში არ მჭერია, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, რამე მოხდეს, თქვენზე უკეთ ვიბრძოლებ ცარიელი ხელებით