11 აპრილს დიღმის ჭალების რეაბილიტაციის სტრატეგიის საჯარო განხილვა გაიმართება

2024 წლის 11 აპრილს თბილისში, სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში დიღმის ჭალების რეაბილიტაციის სტრატეგიისთვის მომზადებული რეკომენდაციების საჯარო განხილვა გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია დიღმის ჭალების ინიციატივა ავრცელებს.
„ღონისძიებას წარუძღვებიან საერთაშორისო კომპანია SMEC-ის უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტები. შეხვედრის დამსწრეთა შორის იქნებიან თბილისის მერიისა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციები სხვადასხვა დარგის პროფესიონალთა წრე, სამოქალაქო საზოგადოება და დაინტერესებული მოქალაქეები.
საჯარო განხილვის მთავარი საკითხი იქნება საერთაშორისო კომპანია SMEC-ის ექსპერტების პირველადი რეკომენდაციების მოსმენა და დისკუსია, თუ რა ტერიტორიის რეაბილიტაციაზეა საუბარი დიღმის ჭალებში, როგორი იქნება მისი ფუნქციური დატვირთვა და სტატუსი, როგორი იქნება მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, რამხელა ფინანსებთან და რისკებთან იქნება დაკავშირებული სტრატეგიის განხორციელება.
დიღმის ჭალები თბილისის ერთ-ერთი უდიდესი სარეკრეაციო ზონა და ერთადერთი შემორჩენილი ჭალის ტყეა, რომელიც 2020 წელს განხორციელებულმა მასშტაბურმა უკანონო კარიერულმა და სამეწარმეო საქმიანობამ და სამშენებლო ნარჩენების ინტენსიურმა განთავსებამ საგანგაშო მდგომარეობაში ჩააგდო.
დიღმის ჭალების ინიციატივა ადგილობრივი თემია, რომელიც უკვე 4 წელია იბრძვის დიღმის ჭალის ტყის გადასარჩენად და აღსადგენად. ინიციატივის ძალისხმევით გაჩერდა უკანონო საქმიანობები დიღმის ჭალებში და მოხდა აზიის განვითარების ბანკის დაინტერესება და დონორად ჩართვა დიღმის ჭალების რეაბილიტაციის სტრატეგიის მომზადებაში.
დიღმის ჭალების რეაბილიტაციის სტრატეგია, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით და თბილისის მერიის და თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით, 2023 წლის ივნისიდან მუშავდება საერთაშორისო კომპანია SMEC-ის ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტების მიერ. სტრატეგიის საბოლოო დოკუმენტი 2024 წლის ივნისში გამოქვეყნდება.“- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ