11 ადამიანი ელოდება სიცოცხლის გადარჩენას – ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურას მიმართავს

ჟურნალისტი და „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელი ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველოს პროკურატურას მიმართავს, რომლის მოთხოვნის საფუძველზეც სასამართლომ საქველმოქმედო ფონდის ანგარიშს ყადაღა დაადო. ამ შეზღუდვით ანგარიშებზე არსებული ფინანსური რესურსის გამოყენება შეუძლებელია.
ის შეზღუდვის მოხსნას ითხოვს და პირობას დებს, რომ ამ თანხას დახარჯავს მხოლოდ მძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და სოციალურად დაუცველ ოჯახების საჭიროებებზე.
„11 ბენეფიციარი ელოდება სიცოცხლის გადარჩენას. აქედან 4 ბავშვია. მოხსენით ყადაღა ჩემს ფონდს და მომეცით უფლება დავეხმარო ამ ადამიანებს.
მე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ვდებ საჯარო პირობას, მაგ თანხიდან ერთი თეთრი არ გადაირიცხება პოლიტიკურ კონტექსტში. თანხა დაიხარჯება მხოლოდ მძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვებზე და სოციალურად დაუცველ ოჯახებზე“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
სამი დღის წინ, 17 მარტს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა, მათ შორის იყოს „ნანუკას ფონდი“. ამ არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებს აქციებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენას და აქციებზე დაკავებული ადამიანების ოჯახების დახმარებას ედავებიან, რაც კვალიფიცირებული აქვთ, როგორც „კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისება“.
„კონკრეტული ფონდების ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა მიმართულია სამართალდამრღვევი პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარების უზრუნველსაყოფად. ხდება სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა და სხვა სახის პირადი თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა“, – ეწერია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურამ ანგარიშები დააყადაღა „საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების“ შესახებ აღძრული საქმის ფარგლებში. პროკურატურამ ეს გამოძიება 2024 წლის 10 ივლისს დაფუძნებული„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის შემდეგ დაიწყო – ეს მოძრაობა ხშირად იმეორებს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გზავნილებს, რომლის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილე ადამიანებსაც ეხმარებოდნენ ეს ფონდები და ორგანიზაციები.
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ 100 დღეზე მეტია გასული – ამ დროის განმავლობაში არ წყდება დემონსტრაციები ახალი ს ჩატარების მოთხოვნით. ხალხმრავალი აქციები გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ დღის წესრიგში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
აქციების დაწყების შემდეგ, დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ კანონები გაამკაცრა – შეკრებებზე აკრძალა ლაზერებისა გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ასევე 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც. ამ შეზღუდვების ამოქმედების მიუხედავად, დემონსტრაციები არ წყდებოდა, აღნიშნული ფონდები კი დაჯარიმებულ მოქალაქეებს სახდელის გადახდაში ეხმარებოდნენ.
ფორუმი