100 მბ/წმ-იანი ინტერნეტი მაღალი ფასის გამო აბონენტების მხოლოდ 1%-ს აქვს – ეკატერინე იმედაძე

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, საქართველოში სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებითი კვლევის შესახებ “ბიზნესი რუსთავი 2-ზე” ისაუბრა. მისი განცხადებით, ComCom-ის მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგები ყურადსაღები, ხოლო ზოგიერთი მაჩვენებელი – საგანგაშოა.
კერძოდ, ეკატერინე იმედაძემ საუბრისას ყურადღება გაამახვილა კვლევის შედეგად გამოკვეთილ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ მაგალითისთვის, საქართველოში ფიზიკური პირებისთვის ფიქსირებულ ინტერნეტზე არსებული მაღალი მოცულობისა და სიჩქარის შეთავაზებები – 100 მბ/წმ – 136%-ით უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში ანალოგიური პაკეტების საშუალო ფასი. ხოლო, 10 გბ. ინტერნეტი სასაუბრო წუთებთან ერთად, მისი თქმით, 35%-ით უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში.
ComCom-ის წევრის თქმით, დაბალი მოცულობისა და სიჩქარის შეთავაზებები საქართველოში ევროპულის მსგავსი, ან უფრო იაფია. თუმცა, მაღალი მოცულობისა და სიჩქარის მომსახურებები – მნიშვნელოვნად ძვირი. “როდესაც ონლაინ სივრცეში მომხმარებლის დრო გაზრდილია, მას ორი არჩევანი რჩება: გადაიხადოს ორჯერ ან გადაიხადოს პრემიუმ ფასი, იმისთვის, რომ შეიძინოს სასურველი მოცულობა ან სიჩქარე”. – აღნიშნა მან. ხოლო წამყვანის კითხვაზე, თუ რა მიზეზები განაპირობებს ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ასეთ მდგომარეობას, ეკატერინემ უპასუხა, რომ კომისიის შემდგომი ნაბიჯები სწორედ მიზეზების იდენტიფიცირება და პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ქმედებები იქნება.
ინტერვიუს დასასრულს, წამყვანმა ეკატერინე იმედაძეს კომპანია “მაგთიკომის” მიერ, ფასების კვლევის შედეგების გასაჯაროების შემდეგ გავრცელებული განცხადების შესახებ ჰკითხა, რაზეც კომისიის წევრმა უპასუხა, რომ: “კვლევის შედეგები ყველაზე მეტად კომუნიკაციების კომისიას არ მოსწონს, ვინაიდან ჩვენი ამოცანა და მიზანი სწორედ მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ფასები და კონკურენტული გარემოს შექმნაა, მაგრამ ეს შედეგები ასახავს რეალობას, ვინაიდან კვლევის შედეგები არის რიცხვები, რომელთაც ვერაფერი აღუდგება წინ და აქ ინტერპრეტაციის შესაძლებლობა გამორიცხულია. რიცხვები ამბობს იმას, რომ საქართველოში აბონენტების მხოლოდ 1%-ს აქვს 100 მბ/წმ-იანი ინტერნეტი, როდესაც ევროპაში ოჯახების 55%-ზე მეტი უკვე ამ სიჩქარით სარგებლობს, რადგან ეს შეთავაზება საქართველოში 136%-ით უფრო ძვირია. კვლევამ აჩვენა ისიც, რომ 20 გბ. ინტერნეტი ფიზიკური პირებისთვის 36%-ით ძვირია, ხოლო იურიდიული პირებისთვის, ამ კუთხით, მდგომარეობა კიდევ უფრო უარესია და მათთვის 10მბ/წმ ინტერნეტის ფასი 189%-ით აღემატება ევროპულს” – განაცხადა ComCom-ის წევრმა.
შეჯამებისთვის, ეკატერინე იმედაძემ აღნიშნა, რომ კომუნიკაციების კომისიის მთავარი ამოცანა აღნიშნული მდგომარეობის გამოსწორებაა, რაზეც კომპლექსური კვლევის დასრულების შემდეგ, მუშაობას დაიწყებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგების გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის შესახებ კვლევა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) გამოაქვეყნა, რომელიც სწორედ მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მაღალ ფასებზე და იურიდიული კომპანიებისთვის არსებულ რთულ პირობებზე მიუთითებდა.
„საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის ფასი ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ რეკომენდებულ ზღვარს, კერძოდ, მთლიანი ეროვნული შემოსავლის 2%-ს აღემატება და 2.35%-ს შეადგენს. ამასთან კი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის პრობლემა წარმოადგენს. ასევე
საქართველოში ინტერნეტთან დაკავშირებული კომპანიების უმრავლესობა 30 მბ/წმ-ზე დაბალი სიჩქარის ინტერნეტით სარგებლობს” – წერია OECD-ის ანგარიშში.