100-ზე მეტი დრონი და 4 რაკეტა – რუსეთმა უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანა

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 2 ივლისს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ უკრაინას შეუტია 4 მართვადი საზენიტო რაკეტით ეს-300 და 114 დამრტყმელი დრონით.
საჰაერო ძალების თანახმად, უკრაინის ჩრდილოეთში, სამხრეთსა და აღმოსავლეთში 79 უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს.
სარდლობა ადასტურებს 14 ადგილზე რუსული დრონებით დარტყმას და 2 ადგილზე მოგერიებული დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენას.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციების მონაცემებით, დრონებით შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა ხარკოვის ოლქში, ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა დნეპროპეტროვსკის ოლქში და ოთხი – ხერსონის ოლქში. დაზიანებულია სახლები და საწარმოები.
ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით, გასულ ღამით რუსმა სამხედროებმა ხერსონზე იერიში მიიტანეს არტილერიითაც. დაზიანებულია საავადმყოფოს შენობა, დაშავდა 5 პაციენტი და 3 ექთანი.
1 ივლისიდან 2 ივლისის ღამით დრონებით შეტევა იყო ოდესის ოლქზე, სადაც საპორტო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
უკრაინის ამ რეგიონზე რუსეთის ჯარების მორიგი შეტევის გამო მეზობელი რუმინეთის არმიის სარდლობამ ქვეყნის საჰაერო სივრცეში სიტუაციის მონიტორინგისთვის გაგზავნა F-16 ტიპის ორი თვითმფრინავი. გასულ თვეებში იყო არაერთი შემთხვევა, როცა რუსული დრონები რუმინეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთხელ დაგმო უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე რუსეთის თავდასხმები, რაც საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევაა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია