ფინანსისტი ლევან სურგულაძე ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ სტატუსს ეხმაურება:
„ბატონო რომან, ეროვნულმა ბანკმა 4.95 მილიარდი კი არა 3.95 მილიარდი ლარის მოკლევადიანი (7 დღე) სესხი მისცა ბანკებს ლიკვიდობის მიზნებისთვის. 1 მილიარდით იტყუებით (!) – კარგით რა, ეს უკვე მეტისმეტია! ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს 1 მილიარდის ცდომილება როგორ უნდა გქონდეთ?!, თქვენს ადგილზე დავანებებდი თავს ეკონომიკურ / ფინანსურ საკითხებზე საჯაროდ წერას. თქვენს პოსტში სხვა აბსურდულ ნარატივზე და არასწორ მსჯელობაზე აღარაფერს ვწერ…იხილეთ ეროვნული ბანკის ოფიციალური გვერდი: https://nbg.gov.ge/statistics/statistics-data“,- დაწერა ლევან სურგულაძემ რომან გოცირიძის პოსტის კომენტარად სოციალურ ქსელ Facebook-ზე.
ცნობისთვის, ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებზე გასცა 4,95 მილიარდი ლარის ოდენობის სესხი, რაც ისტორიული მაქსიმუმია.
„მაშინ, როცა არსებობს ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის საფრთხე, დღეს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებზე გასცა 4,95 მილიარდი ლარის ოდენობის სესხი, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ამარაგებს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს იაფი ფულით, ე. წ. რეფინანსირების სესხებით, იქვეა სახელმწიფო ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთები, იქვეა საპენსიო ფონდის ფული. ქართული კომერციული ბანკები არნახულ მოგებას ნახულობენ. არც ევროპისა და არც რეგიონის არცერთ ქვეყანაში არ არის აქტივებთან შედარებით იმ ზომის მოგება, რაც საქართველოს საბანკო სისტემაშია. მომხმარებლებისათვის სესხზე პროცენტები არ მცირდება, ბანკები მდიდრდება“, – დაწერა რომან გოცირიძემ.