ჰუთებმა ისევ სცადეს ამერიკულ სამხედრო გემზე თავდასხმა

ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ წითელ ზღვაში, ამერიკულ სამხედრო გემზე სარაკეტო დარტყმის მცდელობა აღკვეთეს.
სარდლობის ინფორმაციით, 14 იანვარს, იემენის რაიონიდან, რომელსაც მეამბოხე ჰუთები აკონტროლებენ, გემსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა ისროლეს წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილში მყოფი ამერიკული სამხედრო გემის, Laboon-ის მიმართულებით. ცენტრალური სარდლობის ცნობითვე, ამერიკულმა ავიაგამანადგურებელმა რაკეტა ჩამოაგდო იემენის ქალაქ ჰუდეიდის სანაპიროსთან.
ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთების გასამხედროებული, შიიტური დაჯგუფება „ანსარ ალაჰი“, რომელიც იემენის ნაწილს, მათ შორის დედაქალაქ სანას აკონტროლებს, 2023 წლის ნოემბრიდან წითელ ზღვაში რაკეტებით და დრონებით თავს ესხმის სავაჭრო გემებს. შეტევის არაერთი მცდელობა იყო სამხედრო გემებზეც.
12 იანვარს, ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჰუთების სამხედრო ობიექტები დაბომბეს. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადეს, რომ დარტყმები იყო პასუხი წითელ ზღვაში გემებზე უპრეცედენტო თავდასხმებზე, რომელთა შეწყვეტისკენ მეამბოხეებს არაერთხელ მოუწოდეს.
იემენელი მეამბოხეების მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე შეიარაღებული თავდასხმები გახშირდა ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს შორის 2023 წლის ოქტომბრიდან დაწყებული ომის შემდეგ.
პირველი თავდასხმა 19 ნოემბერს მოხდა იაპონურ გემ Galaxy Leader-ზე. მას შემდეგ მეამბოხეებმა რაკეტებით და დრონებით კიდევ 30-მდე შეტევა განახორციელეს სხვადასხვა ქვეყნის სატვირთო გემებზე. არაერთი თავდასხმა მოიგერიეს -ის და მისი პარტნიორი სახელმწიფოების სამხედრო გემებმა.
ირანის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები, რომლებიც იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ, მტრად მიიჩნევენ ისრაელს, აშშ-ს და საუდის არაბეთს და აცხადებენ, რომ გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ, სანამ ჰამასის წინააღმდეგ ომს არ დაასრულებს.
იემენში მეათე წელია გრძელდება ომი ქვეყნის ლეგიტიმურ მთავრობასა და მეამბოხე ჰუთებს შორის. იემენის მთავრობას მხარს უჭერს კოალიცია ს ხელმძღვანელობით.
წითელ ზღვაზე გადის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა, რომელზეც მსოფლიო ვაჭრობის 12% მოდის. წითელი ზღვა სუეცის არხით უერთდება ხმელთაშუა ზღვას და აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე საზღვაო მარშრუტია.
თავდასხმების გახშირების გამო, მსოფლიოს მსხვილი კომპანიები სულ უფრო ხშირად არიდებენ თავს წითელი ზღვით ტვირთების გადატანას. ალტერნატიული მარშრუტი აფრიკის სამხრეთის გავლით, ტრანსპორტირების დროს მნიშვნელოვნად ზრდის.

ასევე დაგაინტერესებთ