იემენში, “ჰუთებმა” აშშ-ის კუთვნილ და მართულ კომერციულ გემ Gibraltar Eagle-ს დაარტყეს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, დაჯგფებამ თავდასხმისას გემსაწინააღმდეგო რაკეტა გამოიყენა. თუმცა, დაშავებულების ან მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
აშშ-ში დაფუძნებულმა ოპერატორმა, Eagle Bulk Shipping-მა განაცხადა, რომ გემს „ჭურვი“ მოხვდა, როცა ადენის ყურედან 100 მილის დაშორებით ცურავდა. შედეგად, გემმა შეზღუდული ზიანი მიიღო, თუმცა არცერთი მეზღვაური არ დაშავებულა.
„დარტყმამ შეზღუდული ზიანი მიაყენა ტვირთის სათავსოს, მაგრამ ვითარება სტაბილურია და გემი ტერიტორიიდან გადის“, – ნათქვამია Eagle Bulk-ის განცხადებაში. ოპერატორმა დასძინა, რომ მას ფოლადის პროდუქცია გადაჰქონდა.
ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუთები”, რომლებიც იემენის წითელი ზღვის სანაპიროს უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ, თავს ესხმიან კომერციულ გემებს, მათი თქმით, ღაზაში ისრაელის ომის საპასუხოდ და პალესტინელთა მხარდასაჭერად.
შეერთებული შტატების და ბრიტანეთის ძალებმა, “ჰუთების” თავდასხმებს, გასულ კვირას, მათ სამიზნეებზე საჰაერო იერიშებით უპასუხეს.
ორშაბათს, უკანასკნელ თავდასხმამდე, ბრიტანულმა საზღვაო უსაფრთხოების ფირმა Ambrey-მ განაცხადა, რომ მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი, აშშ-ის საკუთრებაში მყოფი კომერციული გადამზიდავი ასევე სარაკეტო იერიშის სამიზნე გახდა, იემენის პორტ ადენთან ტრანზიტის დროს.
უახლესი თავდასხმები აჩვენებს, რომ ამერიკის პასუხმა, დაჯგუფების შეჩერება ჯერ ვერ შეძლო.
“ჰუთები”, რომლებიც აკონტროლებენ დედაქალაქ სანას და იემენის დასავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილს, პირობას დებენ, რომ მიუხედავად აშშ-ისა და ბრიტანეთის რეაქციისა, წითელ ზღვაზე გააგრძელებენ თავდასხმებს.
ჯგუფის ლიდერმა, აბდელ-მალექ ალ-ჰუთიმ ხუთშაბათს სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ იემენზე აშშ-ის ნებისმიერი თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება.
ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ კვირას ამერიკულმა გამანადგურებელმა, ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო, რომელიც “ჰუთებმა” სამხრეთ წითელ ზღვაში გაისროლეს.