კახეთში მდებარე მეღვინეობა „ნეკრესის მამული“ აცხადებს, რომ ჰიპერმარკეტებთან თანამშრომლობა კომპანიის სტრატეგიულ ინტერესებში არ შედის.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ოთარ ტაბატაძემ BM.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნა, მასობრივი საცალო ქსელებში პროდუქციის შეტანა რთულ ფინანსურ პირობებთან არის დაკავშირებული.
„ჩვენი აუდიტორია თავიდან ბოლომდე ჰორეკაა (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები) და არა რითეილის ქსელები. ჩვენი ღვინო შედარებით მაღალ ფასიან სეგმენტშია და შესაბამისად, ჰიპერმარკეტებში შეტანა არ წარმოადგენს ჩვენი ინტერესის სფეროს. გარდა ამისა, მათთან თანხის ამოღება მნიშვნელოვნად ჭიანურდება და არ არიან ეფექტური გადახდების კუთხით,“ – განმარტა ტაბატაძემ.
მისი თქმით, „ნეკრესის მამულის“ პროდუქციის დაახლოებით 70% ექსპორტზე გადის, ხოლო დანარჩენი ადგილობრივ ბაზარზე, ჰორეკა სექტორში იყიდება. კომპანია ექსპორტს აშშ-ში, ლიტვაში, ლატვიასა და სამხრეთ კორეაში ახორციელებს, მიმდინარე წელს კი უზბეკეთის ბაზარზეც გავიდა.
„თავდაპირველად, ღვინის შეთანხმებული ფასი 7 დოლარი იყო, დამატებითი გადასახადების გარეშე, მაგრამ ბაზრის კვლევის შემდეგ მივხვდით, რომ ყველა ხარჯის გათვალისწინებით საბოლოო ფასი მნიშვნელოვნად იზრდებოდა. ამიტომ, კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, იძულებულები გავხდით ფასი 35%-მდე შეგვემცირებინა,“ – აღნიშნა ტაბატაძემ.
მისივე თქმით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მზარდია დაბალფასიანი ღვინის მოთხოვნა, რაც რეგიონული ტენდენციის ნაწილია.
„მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტის მოცულობა ლიტრაჟის მიხედვით არ შემცირებულა, მაინც შეინიშნება კლება თანხის ბრუნვის მიმართულებით, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე,“ – დასძენს ტაბატაძე.
ინფორმაციისთვის, „ნეკრესის მამული“ კახეთში მდებარე მეღვინეობაა, რომელიც წლიურად 45 000 ბოთლ ღვინოს, მათ შორის ცქრიალა და დისტილირებულ პროდუქტებს აწარმოებს. კომპანიის სტრუქტურაში ასევე სასტუმრო და რესტორანი შედის.
bm.ge
