ჰიპერი: შავი ზღვის რეგიონში პარტნიორებთან ურთიერთობა საქართველოს მიდგომაზეა დამოკიდებული

ევროკომისიის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სპიკერს, ანიტა ჰიპერს თქმით, შავი ზღვის რეგიონის ახალ სტრატეგიაში პარტნიორებთან საქართველოს ურთიერთობის ფორმა და ტრაექტორია მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ქვეყნის მიდგომასა და ერთგულებაზე.
ამის შესახებ მან ევროსკოპს განუცხადა, კითხვაზე – თუ როგორ და რა ფორმით შეძლებს საქართველო ჩაერთოს შავი ზღვის რეგიონის ახალ სტრატეგიაში.
ჰიპერი ამბობს, რომ შავი ზღვის სტაბილურობა არსებითია საქართველოს უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ენერგო-კავშირებისთვის.
“როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა პრესკონფერენციაზე შავი ზღვის რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვის. რეგიონის ქვეყნები აძლიერებენ კავშირებს ევროკავშირთან. და მოლდოვა მიისწრაფვიან ევროკავშირის წევრობისკენ. ასევე საქართველოც, თუ ის ევროკავშირის გზას დაუბრუნდება. შავი ზღვის სტაბილურობა არსებითია საქართველოს უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ენერგო-კავშირებისთვის. ახალი სტრატეგია სთავაზობს პარტნიორ ქვეყნებს, საქართველოს ჩათვლით, წინადადებას, რომელიც დამოკიდებულია საერთო მიზნების ამოცანებისა და კოლექტიური პასუხისმგებლობის გაგებაზე. შავი ზღვის სტრატეგიის მთავარი არსი საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობაა. პარტნიორმა ქვეყნებმა უნდა მოახდინონ ძლიერი პოლიტიკური ერთგულების დემონსტრირება ამ ამოცანების წინ წასაწევად. შესაბამისად, ასეთი პარტნიორობის ტრაექტორია და ფორმა დიდწილად დამოკიდებული იქნება საქართველოს მიდგომაზე და ერთგულებაზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გაფართოების პროცესი გაგრძელდება დამოუკიდებლად და ქვეყნის პროგრესი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უწინდებურად გაფართოების პროცესის ფარგლებში შეფასდება”, – განუცხადა მან ევროსკოპს.
***
28 მაისს ევროკავშირმა დაამტკიცა დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს გაერთიანების სტრატეგიულ მიდგომას შავი ზღვის მიმართ.
“შავი ზღვის რეგიონს ევროკავშირისთვის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ცენტრალურ აზიასთან და ევროპასთან კავშირის გამო. ეს მნიშვნელოვანია უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ენერგეტიკის თვალსაზრისით. ამ რეგიონის ქვეყნები აძლიერებენ კავშირებს ევროპასთან. უკრაინა და მოლდოვა გაწევრიანებისკენ მიდიან, ასევე საქართველო, თუ ის ევროკავშირის გზას დაუბრუნდება. მაგრამ რეგიონის პოტენციალი ს ომის გამო შეზღუდულია”, – თქვა კაია კალასმა.
დოკუმენტში ლაპარაკია მხარდაჭერისა და სარგებლის შესახებ, რასაც ევროკავშირი დაინტერესებულ პარტნიორებს ინტეგრაციის პროცესში სთავაზობს და ასევე მათი პოლიტიკის თანხმობის მნიშვნელობაზე ბლოკის საგარეო პოლიტიკასთან.
“ევროკავშირი მჭიდროდ იმუშავებს პარტნიორთან საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შეჯერებისთვის, სანქციებისა და თავდაცვის პოლიტიკის ჩათვლით. კონკრეტული ყურადღება იქნება EU-ის შემზღუდავი ზომების გაძლიერებაზე რუსეთისა და ბელარუსის მიმართ, განსაკუთრებით სანქციებისა და მათი გვერდის ავლის თვალსაზრისით”, – წერია კაია კალასის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.