„ჰიდროენერგეტიკის ათვისების ტემპი ძალიან დაბალია, რაც ენერგოუსაფრთხოების მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, ჩვენ დიდი წყალსაცავიანი ჰესები გვჭირდება“ – გია არაბიძე

„ჰიდროენერგეტიკის ათვისების ტემპი ძალიან დაბალია, რაც ენერგოუსაფრთხოების მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, ჩვენ დიდი წყალსაცავიანი ჰესები გვჭირდება“ – გია არაბიძე
მცირე და საშუალო ჰესების წარმომადგენლები, ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით მესამე CFD აუქციონის ჩატარებას ითხოვენ. მათი თქმით, ამ დროისთვის არსებული 6.5-ცენტიანი ტარიფი ძალიან დაბალია და სწორედ ამიტომ, პირდაპირი მოლაპარაკებებით ჰესების ნაწილში კონტრაქტებზე ბევრი განაცხადი არ ყოფილა.
ენერგეტიკოსი გია არაბიძე „კომერსანტთან“ ადასტურებს, რომ ჰიდროენერგეტიკის ათვისების ტემპი ძალიან დაბალია. მისი შეფასებით, კერძო სექტორის პრეტენზია გასაგები და ლოგიკურიცაა, რადგან ტარიფის ზრდა ინვესტორების დაინტერესებას გამოიწვევს, თუმცა, მომხმარებლების ინტერესი გათვალისწინებული უნდა იყოს.
„ბუნებრივია, როცა ტარიფები მაღალია, ინვესტორების რაოდენობაც მეტია – 10 ცენტი რომ გახდეს, ალბათ ინვესტორების რიგი დადგება, მაგრამ არსებული სიტუაცია ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ. აწყობს ჩვენს ქვეყანას გაზრდილი ტარიფი? შეუძლიათ მოქალაქეებს გაზრდილი სამომხმარებლო ტარიფის გადახდა? ამიტომაც, ოპტიმალური ვარინტი უნდა შევინარჩუნოთ, სადაც მყიდველი ეყოლება ამ წარმოებულ ენერგიას.
ჰიდროენერგეტიკის ათვისების ტემპი საკმაოდ მწვავე საკითხია, რისი ათვისებაც ახლა ხდება, მისასალმებელია, მაგრამ ეს არ არია ის რაოდენობა, რომელიც მაქსიმალურად დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნილებას ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ჩვენ დიდი წყალსაცავიანი ჰესები გვჭირდება.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყნის მთავარი ჰესი -ენგური, ოქტომბერ-ნოემბრის შემდეგ ფაქტობრივად, აღარ გვაქვს. თუ სხვა სადგურებმა არ აიღეს თავის თავზე დამატებითი სიმძლავრებიის წარმოება, პრობლემები შეიქმნება“,- აღნიშნა გია არაბიძემ.
შეგახსენებთ, რომ ფიქსირებული ტარიფები, რომლითაც პროექტის ინვესტორი 15 წლის განმავლობაში ისარგებლებს მეორე CFD აუქციონის გზით დადგინდა და შემდეგნაირად განისაზღვრა:
· ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) – 6,5 ცენტი;
· ქარის ელექტროსადგურები – 6 ცენტი;
· მზის ელექტროსადგურები – 5,6 ცენტი.