„ტროტილის“ შემადგენელი ნივთიერების, „ჰექსოგენის“ საქართველოში შემოტანის ბრალდებით დაკავებულ ორი უკრაინელს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება დღეს საღამოს, 12 სექტემბერს მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ „გამოძიების სხვა ვერსიებთან ერთად“ არკვევს, არსებობს თუ არა კავშირი ამ ამბავსა და „4 ოქტომბრის არჩევნებსა და მასთან რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის“.
ბრალდებულები არიან უკრაინის მოქალაქეები, დენის შურავლოვი და მიხაილო სკრუპსკიი.
· დენის შურავლოვი უკრაინის მოქალაქეა. ის ოდესაში ცხოვრობდა. დაიბადა 1979 წლის 23 სექტემბერს. ის ბრალს არ აღიარებს.
· მიხაილო სკრუპსკიიც უკრაინის მოქალაქეა. ის ქალაქ ხმელინცკისში ცხოვრობდა. დაიბადა 1975 წლის 20 სექტემბერს.
· ადვოკატ დარეჯან ბარბაქაძის ცნობით, სკრუპსკიი ბოლო რვა წელია, გადამზიდავ კომპანიაში მუშაობს და რეგულარულად დადიოდა უკრაინიდან საქართველოში.
სკრუპსკიი ბრალს აღიარებს
მათ ბრალი წაუყენეს ფეთქებადი ნივთიერების შეძენა-შენახვაში.
დამატებით მიხაილო სკრუპსკიის კიდევ რამდენიმე მუხლით წაუყენეს ბრალი. მათ შორის: ასაფეთქებელი ნივთირების შემოტანა და გადატანა.
მიხაილო სკრუპსკიის ადვოკატმა დალი ბარბაქაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, რომ მძიმე კატეგორიის დანაშაულია ჩადენილი და ბრალდებული სხვა ქვეყნის მოქალაქეა, არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული პატიმრობა:
„ის ინფორმაცია, რაც მისთვის ცნობილი იყო, მიაწოდა გამოძიებას. შეიძლება ითქვას, რომ ის თანაშრომლობს გამოძიებასთან და ამბობს ყველა იმ ინფორმაციას, რაც მისთვის ცნობილი იყო. ის ეთანხმება იმ ბრალს, რაც მას წაუყენეს“, – თქვა ადვოკატმა.
„შესაბამისად, მტკიცებულებების განადგურების საფრთხეც არ არსებობს“, – ამბობდა ის.
„ის არ გახლავთ წარსულში ნასამართლევი. ის 8 წლის განმავლობაში შემოდიოდა საქართველოში. მისთვის უცნობი იყო, რა ნივთიერება გამოატანეს, მაგრამ იმის გამო, რომ ის მართავდა ავტომობილს, წაყენებულ ბრალში თავს დამნაშავედ ცნობს“, – განაცხადა ადვოკატმა.
დალი ბარბაქაძე მოითხოვს მისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა და ამბობდა, რომ ბრალდებულის ოჯახი მზად არის, გადაიხადოს გირაოს თანხა.
„მიმალვასთან დაკავშირებით სხვა მექანიზმები არსებობს – პასპორტი ჩამორთვან ან პოლიციაში გამოცხადება დაავალონ. საქართველოს საზღვრის დატოვება მარტივი არ არის“, – განაცხადა მან.
შურავლოვი: „უნდოდათ ვეიძულებინე, მეღიარებინა“
საქმის პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დენის შურავლოვმა „გაურკვეველ ვითარებაში“ შეიძინა „დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება“ და ინახავდა სასტუმროს ნომერში. საუბარია 4,167 გრამ კოკაინზე.
პროკურორის თქმითვე, შურავლოვმა სკრუპსკიის გამოართვა „ფეთქებადი ნივთირების შემცველი ნივთირება“.
დენის შურავლოვი, მეორე ბრალდებულისგან განსხვავებით, ბრალს არ აღიარებს:
„უნდოდათ ვეიძულებინე, მეღიარებინა ის, რაშიც ბრალს მდებენ“, – თქვა მან სხდომაზე (ის რუსულ ენაზე საუბრობდა და მისი სიტყვები ქართულად თარჯიმანმა თარგმნა).
მან ასევე განაცხადა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანია“ რომ, სამართალდამცავებმა აიძულეს, წყალი დაელია, – მიუხედავად იმისა, რომ ის ამაზე უარს ამბობდა.
მოსამართლემ მხარეებთან შეთანხმებით დანიშნა შემდეგი სხდომის გამართვის თარიღი: 3 ნოემბერი, 12:00 საათი.
