საქართველოს მთავრობამ ათობით ჰესის, ქარის და მზის ელექტროსადგურის პროექტის თაობაზე პირდაპირი კონტრაქტები შეწყვიტა. საუბარია საერთო ჯამში 1.7 გიგავატის მოცულობის ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლებიც განვითარების ადრეულ (სადოკუმენტაციო) ეტაპზე იყო და მათზე სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის შესაბამისი მემორანდუმები გაფორმებული არ იყო.
დარგის სპეციალისტების შეფასებით, მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება ახალ ინვესტორებს ენერგეტიკულ ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას აძლევს.
როგორც GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი, მაია მელიქიძე “კომერსანტთან” ინტერვიუში ამბობს, , შესაძლოა, პროცესს მეორე ტალღაც მოჰყვეს და ის პროექტებიც გადაიხედოს, რომლებსაც ქსელზე მიერთების უფლება არ გააჩნიათ.
,,როცა ადგილი დარეზერვებულია, იქ ვერ აშენდება ჰიდროელექტროსადგური იქნება ეს, მზის ელექტროსადგური თუ – ქარის ელექტროსადგური. სწორედ აქედან გამომდინარე, რადგან იყო საჭიროება, რომ განთავისუფლებულიყო ეს შესაძლებლობა, არაერთგზის გადავადებული პროექტები, რომელთაც აკლდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, სხვადასხვა ტიპის მნიშვნელოვანი დოკუმენტები, მათ შორის, გარემოს დაცვასთან დაკავშირებითაც, გაუქმდა. საუბარია 1746.5 მეგავატის დადგმული სიმძლავრის პროექტებზე.
ეს იძლევა ახალი ინვესტიციების შემოსვლისა და ახალი ინვესტორების გაჩენის შესაძლებლობას ენერგეტიკის სექტორში. ერთი არის პროექტები და მეორეა სახელმწიფო ელექტროსისტემის მხარეს უკვე ქსელზე მიერთების ნაწილი. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ მეორე ტალღაც მოჰყვეს ამ პროცესს და მეორე ტალღაში იგულისხმება ის, რომ გამოჩნდეს პროექტები, რომლებსაც არ აქვთ მიერთების უფლება და შემდეგი ტალღის ჭრილში უკვე მიერთების უფლების არმქონე პროექტებსაც გარკვეული გამოწვევები შეექმნას გაუქმებასთან დაკავშირებით”- აღნიშნა მაია მელიქიძემ რადიო “კომერსანტის” ეთერში.
