საქართველოში ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ EU-ის წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინააღმდეგია.
მისი თქმით, ამის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ევროპის ქვეყნებს არ სურთ, ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო, ქართველი ხალხი დაზარალდეს. თუმცა დაამატა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება, მაინც EU-ის წევრ სახელმწიფოებზეა დამოკიდებული.
“ცხადია, იბადება კითხვა, დამსახურებულია თუ არა ეს განსაკუთრებული ურთიერთობა, რომლითაც საქართველო სარგებლობს. წევრი სახელმწიფოები მსჯელობენ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და ერთ-ერთ იდეად სწორედ უვიზო რეჟიმის შეჩერება ისახება. ეს წევრ სახელმწიფოებზეა დამოკიდებული და მათმა ორმა-მესამედმა უნდა გადაწყვიტოს. აღნიშნული განხილვა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე იმას ვიტყოდი, რომ წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა ამას ეწინააღმდეგება. ძალიან მარტივი მიზეზის გამო – ჩვენ არ გვსურს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებების საფასური რიგითმა ადამიანებმა გადაიხადონ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ ეტაპზე უვიზო რეჟიმი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის შეგვეჩერებინა და არა ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის. თუმცა, დისკუსია გრძელდება – ყველაფერი წევრ სახელმწიფოებზეა დამოკიდებული. მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ ეტაპზე, საქართველოს მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლით სარგებლობა”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.