ჰერჩინსკი: შეშფოთებულები ვართ, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს დაშინება, მუქარა და ძალადობა

ევროკავშირის ელჩმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იგი შეშფოთებულია ბოლო დღეებში ქართული ოცნების მიმართ კრიტიკულად განწყობილ აქტივისტებზე ფიზიკური ძალადობის გამო.
“საქართველო, სამწუხაროდ, საერთაშორისო ტელევიზიების ახალ ამბებშია, თუმცა ამის მიზეზი კარგი არ არის. სერიოზულად ვართ შეშფოთებული. ვფიქრობთ, რომ დრო ჯერ კიდევ არის კურსის შესასვლელად და ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს დაშინება, მუქარა და ძალადობა. იმედი მაქვს, რომ არ გავხდებით იძულებულები ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ, სადაც ნაკლები – ნაკლებისთვის იქნება. რაც ნეგატიური იქნება და დაარტყამს რიგით მოქალაქეებს, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ასე არ მოხდეს”, – თქვა მან.
მან ასევე არ გამორიცხა, რომ ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის მიღებას, შესაბამისი შედეგები მოჰყვება, თუმცა დასძინა, რომ ახლა არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად, ძალისხმევის გაორმაგებაა საჭირო.
“თუ საქმე წავა და ამ კანონს მიიღებენ არსებული სახით, არ გამოვრიცხავ, რომ შედეგები იქნება. გვაქვს ფინანსური დახმარება, ვიზალიბერალიზაცია, რომლითაც მოქალაქეები სარგებლობენ. შეთანხმებაში არსებობს დაცვითი მექანიზმები, რომელიც იძულების შემთხვევაში, შეგვიძლია გამოიყენებით, მაგრამ არ გვინდა ამ ეტაპამდე მივიდეთ. ახლა უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას.