„ჰერბია“ ახალ სათბურს აშენებს, რომელიც წარმოებას 20%-ით გაზრდის – ინვესტიცია ₾2.5 მილიონია

მწვანილისა და ბოსტნეულის ადგილობრივი მწარმოებელი „ჰერბია“ მეურნეობას ავითარებს და 2.5 მლნ ლარის ინვესტირებით ახალ სათბურს აწყობს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ ჯანელიძემ BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა, პროექტი სახელმწიფოს მიერ სასათბურე მეურნეობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და ახალი სათბურის მოწყობის შემდეგ წარმოება 20%-ით გაიზრდება.
„[სასათბურე მეურნეობების ხელშეწყობის] ამ პროგრამის ფარგლებში 1.5 ჰა-ზე სათბურის მშენებლობა დავიწყეთ. გვინდა, წელს მომხმარებლის მოთხოვნის ზრდის პარალელურად, ჩვენი წარმოება კიდევ 20%-ით გაიზარდოს. ჩვენ მიღებული შემოსავლებს კვლავ ბიზნესში ვაბრუნებთ, იმისთვის რომ წარმოება 20-25%-ით გავზარდოთ“, – აღნიშნა ზურაბ ჯანელიძემ.
აგრომეურნეობის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ დღეს არსებული წარმადობით, მომხმარებლის მოთხოვნას ვერ პასუხობენ, ამიტომ „ჰერბიასთვის“ სტაბილური განვითარება მნიშვნელოვანია.
„ამ პროექტით არსებული მეურნეობა განვითარდება. დღეს, მოთხოვნას ბოლომდე ვერ ვაკმაყოფილებთ, რადგან მომხმარებელი ახალ პროდუქტებსაც ითხოვს და არსებულზეც დიდი მოთხოვნაა. ამიტომ ორივე მიმართულებით შევეცდებით, რომ განვვითარდეთ. მაგალითისთვის სასტუმროთა ქსელები ჩვენი პროდუქტი მუდმივ მიწოდებას გვთხოვენ, თუმცა ჩვენ არ ვართ ჯერ ამისთვის მზად. ჩვენ მხოლოდ ქსელური მარკეტების მიმწოდებლები ვართ. წარმოების ზრდის შედეგად კი პირდაპირ ამ სეგმენტში გადავინაცვლებთ და ეს ჩვენი მომხმარებლისთვის საინტერესო იქნება“, – აღნიშნა ზურაბ ჯანელიძემ.
“ჰერბიამ” საქმიანობა 2006 წელს დაიწყო და სათბურში მოყვანილი მწვანილის და ბოსტნეულის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი გახდა. “ჰერბიას” სათბურები წყალტუბოსა და ბაღდათში 35 ჰექტარზეა გაშენებული, კომპანიას საწყობი-მაცივარი და დასაფასოებელი საამქრო აქვს მოწყობილი, რომლებიც თანამედროვე ტექნიკითა და საწარმოო ხაზებით არის აღჭურვილი. ის პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს დაფასოებული პროდუქცია შესთავაზა. “ჰერბია” Global Gap-ის სერტიფიკატს ფლობს და ის მწვანილსა და ბოსტნეულს სასუქის გამოყენების გარეშე აწარმოებს. კომპანია წარმოებული პროდუქციის აფასოებს და საქართველოში არსებულ მსხვილ ჰიპერმარკეტებს ამარაგებს.