ჰელსინკის კომისია: რუსული სტილის „აგენტების კანონი“ თავდასხმაა საქართველოს დემოკრატიაზე

აშშ-ის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია, რომელიც „ჰელსინკის კომისიის“ სახელითაც არის ცნობილი, საქართველოს მმართველი პარტიის მიერ პარლამენტში ე.წ. აგენტების კანონის ხელახალ ინიცირებასთან დაკავშირებით თავმჯდომარის განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის რუსული სტილის კანონპროექტი.
„ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე, მისი ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟი და ქართველი ხალხის ძალისხმევით მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფა. ეს კანონპროექტი არის რუსული კანონმდებლობის მსგავსი და მისით შთაგონებული…
მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, მიატოვოს ეს კანონპროექტი და დაუბრუნდეს ლიბერალურ-დემოკრატიულ მიმართულებას და მისი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს“, – წერია განცხადებაში.
„ქართული ოცნების” უმრავლესობამ პარლამენტში განსახილველად 3 აპრილს დააბრუნა ჯერ კიდევ 2023 წელს ინიციირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მას შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რისი დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
2023 წელს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ შეძლო ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღება. მარტის მასშტაბური საპროტესტო აქციების შედეგად, უმრავლესობა იძულებული გახდა, პირველი მოსმენით უკვე დამტკიცებული კანონპროექტი პარლამენტიდან გაეწვია.
„ქართული ოცნება“ კანონის მიღების აუცილებლობას იმით ხსნის, რომ „ე.წ. სამოქალაქო სექტორი” რჩება „ყველაზე გაუმჭვირვალედ“, რაც „მანკიერების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო და შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის“.