„ჰგონიათ, რომ როგორც ბანკებს აკონტროლებენ და წამოარტყამენ თავში, კრიპტოვალუტის მომხმარებლებთანაც ასე იზამენ“

„ჰგონიათ, როგორც ბანკებს აკონტროლებენ და წამოარტყამენ თავში, კრიპტოვალუტის მომხმარებლებთანაც ასე იზამენ”, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „კრიპტო ბაზრის“ დამფუძნებელმა ავთანდილ კუჭავამ, სექტორისთვის დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
საუბარია, კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნულ ბანკს ციფრულ ვალუტებზე საზედამხედველო უფლებამოსილება ეზრდება.
კერძოდ, დაგეგმილი ცვლილებებით, ციფრულ ვალუტებზე ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილება ფართოვდება. შედეგად, ვირტუალური მომსახურების პროვაიდერი სრულად მოექცევა ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ.
კერძოდ, სებ-ს ექნება ნებისმიერ ინფორმაციის მოთხოვნისა და მიღების უფლება, როგორც ადგილზე, ასევე დისტანციური შემოწმების ფარგლებში.
როგორც ავთანდილ კუჭავა „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, კანონპროექტი ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება, რადგან კეტავს კონკურენციას, მაკონტროლებელ ორგანოს კი ეძლევა იმაზე მეტი ძალაუფლება, ვიდრე შეიძლება ჰქონდეს.
მისივე შეფასებით, ეს არის კომერციული ბანკის და ვიღაც კონკრეტული ადამიანის პირადი ინტერესები.
„ფაქტია, რომ ქვეყნის ინტერესებს, ეს რეგულაციები ნამდვილად არ ემსახურება, რადგან კეტავს კონკურენციას, ასევე, მაკონტროლებელ ორგანოს ეძლევა იმაზე მეტი ძალაუფლება, ვიდრე შეიძლება ჰქონდეს. თუ დაუსვა ვინმემ ეროვნულ ბანკს კითხვა, რა უფლებამოსილებაც ჰქონდა, რაში არ ჰყოფნიდა?! კერძოდ, რეგისტრაცია და მისი გაუქმების უფლება. რას ვერ აკონტროლებდნენ?! ძალიან ბევრ პროცედურას გადის ბირჟა სანამ მიიღებს უფლებას რეგისტრაციაზე. რეგისტრირებული ბირჟები ყველაფერს ასრულებენ პირნათლად. რომელიმე ფაქტი დაფიქსირდა, რომ ფული გათეთრდა?! თუ 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს საქმე დაავიწყდათ, რომელიც „მკაცრად“ აქვთ „კონტროლირებული“?! რა ზღაპრებს გვიყვებიან?!“, – ამბობს ავთანდილ კუჭავა.
„როგორც „კრიპტო ბაზრის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, საქართველოს მიმართა საერთაშორისო VASP-ის მხრიდან დიდი ინტერესი მეგობრული გარემოს გამო იყო, რეგულაციების შემდეგ კი ქვეყანა ამ მიმზიდველობასაც დაკარგავს.
„ვინმემ თუ დათვალა, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ინდუსტრიაში მათ გადაწყვეტილებებს?! არა მგონია. ეს ბიუროკრატები შეჩვეულები არიან რაც დაესიზმრებათ, ისე მიიღონ გადაწყვეტილებები. მუშაობენ ტრადიციული ფინანსისტები და ჰგონიათ, რომ როგორც ბანკებს აკონტროლებენ და წამოარტყამენ თავში, კრიპტოვალუტის მომხმარებლებთანაც ასე იზამენ. მაგრამ ერთი რამ ეშლებათ, რომ არაფერში არ გვჭირდება მათი ნებართვა, რა გავაკეთოთ და რა არა, მათ გარეშე დავიწყებთ დეცენტრალიზებული სერვისების გამოყენებას. ერთის მხრივ კარგიც არის, ასეთ სისულელეებს რომ აკეთებენ, ეს „დაბუსტავს“ იმას, რომ დეცენტრალიზებულ საზოგადოებად ჩამოვყალიბდეთ“,- ამბობს ავთანდილ კუჭავა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის ქვეყანაში ოფიციალურად რეგისტრირებულია 27 ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი, ხოლო რამდენიმე სუბიექტის მიმართ მიმდინარეობს სარეგისტრაციო წარმოება.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი