ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს დღეს ან ხვალ დაასახელებს

შეერთებულ შტატებში მოელიან, რომ ვიცე-პრეზიდენტი , რომელიც დემოკრატთა სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატიც არის, მომავალი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე დემოკრატების კანდიდატს 6 აგვისტომდე გამოაცხადებს. ეს შესაძლოა დღეს, 5 აგვისტოს მოხდეს.
სამშაბათიდან, ჰარისი დაიწყებს წინასაარჩევნო ტურს იმ 7 მნიშვნელოვან შტატში, სადაც, სავარაუდოდ, ამერიკის მომდევნო პრეზიდენტის ბედი გადაწყდება. შესაძლოა, დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატმა საკუთარი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის ვინაობა სწორედ სამშაბათს გაამხილოს, პენსილვანიის შტატის უდიდეს ქალაქ ფილადელფიაში დაგეგმილ წინასაარჩევნო შეხვედრაზე.
ამერიკულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, ჰარისი უქმეებზე წამყვან სამ კანდიდატს ვაშინგტონის რეზიდენციაში პირადად შეხვდა, ნაწილთან კი ვირტუალური შეხვედრები გამართა. საინფორმაციო სააგენტო “როიტერს” ამ ცნობას საკითხის მცოდნე ორი სხვადასხვა წყარო უდასტურებს.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ოთხი წლის წინ, თავად ჰარისის ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატად შერჩევაც ვირტუალური შეხვედრის შედეგად მოხდა. მაშინ, მთელ მსოფლიოში, კოვიდ-პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მოქმედებდა.
შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა დემოკრატ დელეგატთა უმრავლესობის ხმები 2 აგვისტოს გამართულ შიდაპარტიულ კენჭისყრაზე მიიღო. ხმის მიცემის პროცესი ფორმალურად დღესაც გრძელდება, თუმცა მას უკვე აქვს დელეგატთა საკმარისი მხარდაჭერა საპრეზიდენტო ნომინაციის მანდატის მოსაპოვებლად. ოფიციალური ნომინაცია ჰარისმა დემოკრატთა ეროვნულ ყრილობაზე, ე.წ. კონვენციაზე უნდა მიიღოს, რომელიც ჩიკაგოში, ილინოისის შტატში,19-22 აგვისტოს გაიმართება.
საპრეზიდენტო შეერთებულ შტატებში 5 ნოემბერს არის დანიშნული. რესპუბლიკური პარტიიდან ჰარისის ოპონენტი იქნება, შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი, რომელმაც პარტიის ნომინაცია უკვე მიიღო.
ტრამპმა 2 აგვისტოს დაადასტურა, რომ ის თანახმაა მონაწილეობა მიიღოს ტელედებატებში, რომელშიც მისი ოპონენტი დემოკრატთა სავარაუდო ნომინანტი, კამალა ჰარისი იქნება. დებატების ორგანიზატორი ამერიკული ტელეკომპანია “ფოქს-ნიუსი” იქნება და ის 4 სექტემბერს, პენსილვანიის შტატში გაიმართება.
ტრამპი ჰარისთან დებატებზე თავიდან უარს ამბობდა, რადგან ის პარტიის ოფიციალური საპრეზიდენტო კანდიდატი არ იყო. “ასობით მილიონი დოლარი, დრო და ძალისხმევა დავხარჯე ჯოსთან ბრძოლაში და როცა დებატებში გავიმარჯვე, მათ რინგზე ახალი კანდიდატი შემოაგდეს. ეს არაა სამართლიანი, მაგრამ რაცაა, ესაა”, – განაცხადა ტრამპმა.
წამყვანი კანდიდატები
დემოკრატების მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად შერჩეულ სამ წამყვან პოლიტიკოსს შორის, ორი გუბერნატორია, ერთი კი – სენატორი. ესენი არიან: პენსილვანიის გუბერნატორი – ჯოშ შაპირო, შეერთებული შტატების სენატორი არიზონის შტატიდან – მარკ კელი და მინესოტის გუბერნატორი – ტიმ უოლცი.
თუმცა, გავრცელებული ცნობების მიხედვით, ჰარისი ამ დღეებში სხვა კანდიდატებსაც გაესაუბრა. მათ შორის, ტრანსპორტის დეპარტამენტის მდივანი პიტ ბუტეჯეჯია, რომელსაც ჰარისი პარასკევს 90 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდა. კანდიდატებს შორის ასევე სახელდება კენტუკის და ილინოისის გუბერნატორები და რამდენიმე სხვა დემოკრატი ლიდერი.
ჯოშ შაპირო
შაპირო შეერთებული შტატების მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გუბერნატორია. “კვინიპიაკის” ბოლო გამოკითხვით, პენსილვანიაში მისი რეიტინგი 60%-ს აღემატება. კამალა ჰარისივით, ისიც შტატის გენერალური პროკურორი იყო. ის ამ პოსტზე ორჯერ აირჩიეს, ვიდრე შტატის საყოველთაო არჩევნების გზით, პენსილვანიის გუბერნატორად დაასახელებდა. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე, რომლითაც შაპირომ სახელი გაითქვა, იყო ასობით კათოლიკე მღვდლის მხილება, კათოლიკური ეკლესიის მიერ ათწლეულების განმავლობაში დამალულ, სექსუალური შევიწროების სკანდალში.
ტიმ უოლცი
უოლცი ყოფილი კონგრესმენია და როგორც გუბერნატორი, მინესოტაში ასევე ფართო პოპულარობით სარგებლობს. შტატში დემოკრატები ორივე პალატაში ლიდერობენ, ამიტომაც გუბერნატორმა იქ რამდენიმე რეფორმა წარმატებით გაატარა. მათ შორის ასახელებენ: აბორტზე ქალების ხელმისაწვდომობის გაზრდას; რეკრეაციული მარიხუანის ლეგალიზაციას; იარაღზე წვდომის შეზღუდვას; სკოლებში ბავშვებისთვის უფასო კვების უზრუნველყოფას და ახალშობილთა მშობლებისთვის ანაზღაურებული შვებულების შეღავათის გაფართოებას.
მარკ კელი
კელის ძალზე შთამბეჭდავი ბიოგრაფია აქვს. ვიდრე არიზონის შტატის სენატორი გახდებოდა, ის შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტის საბრძოლო მფრინავი იყო და არაერთი საპატიო სამხედრო ჯილდო აქვს მოპოვებული. შემდეგ კელი ასტრონავტი გახდა და კოსმოსშიც ხანგრძლივად იფრინა. როგორც პოლიტიკოსი, ის შედარებით ცენტრისტული პოზიციით გამოირჩევა. კელის მეუღლეა წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი, ყოფილი ამერიკელი კანონმდებელი გები გიფორდსი, რომელიც 2011 წელს მკვლელობის მცდელობას სასწაულებრივ გადაურჩა. თავდასხმის შემდეგ, ცოლ-ქმარი იარაღის უსაფრთხოების ადვოკატირებას ეწევა, კელიმ მეუღლის სახელობის იარაღის კონტროლის პოლიტიკის ორგანიზაციაც კი დააფუძნა.

მასალაში გამოყენებულია “როიტერის”, “ასოშეიტედ პრესის”, “სი-ბი-ესის”, “ფაინენშალ თაიმსისა” და სხვა საინფორმაციო საშუალებათა პუბლიკაციები.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო მიხელსონი – რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის გასანადგურებლად, აწყობს დივერსიებს, პოლიტიკურად კონტროლს აწესებს საქართველოზე – არ დადგა დრო, ეს ფაშისტური რეჟიმი ანგარიშვალდებული გავხადოთ?