AFP-ს სააგენტოს ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა, რომ მომავალ შაბათს კიდევ ოთხ ისრაელელ მძევალს გაუშვებს.
ტაჰერ ალ-ნუნუს თქმით, მათ ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელების სანაცვლოდ გაათავისუფლებენ, როგორც ამას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ითვალისწინებს.
ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების დასრულების შეთანხმების ფარგლებში, ისრაელმა საპატიმროდან პირველ ეტაპზე გაათავისუფლა 90 პალესტინელი პატიმარი. ამას წინ უძღოდა ჰამასის მიერ 3 მძევლის გათავისუფლება და ისრაელისთვის გადაცემა.
2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმისას ისრაელზე, რასაც 1200 პირი ემსხვერპლა, მძევლად აიყვანეს 250 პირი. მათი მცირე ნაწილი მალევე გაათავისუფლეს, ნაწილი დაიღუპა.
ამ თავდასხმას მოჰყვა ისრაელის საჰაერო და სამხედრო იერიში ღაზის სექტორზე, რის შედეგადაც 47 ათასამდე პალესტინელი დაიხოცა.
საომარი მოქმედებების და ბლოკადის გამო სამოქალაქო მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფაში აღმოჩნდა. გაეროს მონაცემებით, ღაზის სექტორში დანგრეული ან დაზიანებულია სახლების 92%.
2024 წლის ნოემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის და ჰამასის ერთ-ერთი ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაპატიმრების ორდერები.
ისინი ეჭვმიტანილი არიან ომის დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში.