ჰამასის შეთავაზება, რომ 33 მძევალი გაათავისუფლოს, გარდაცვლილი ტყვეების ნეშტებსაც მოიცავს

გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, 6 მაისს ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის მხარის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებებზე განაცხადეს, რომ პოტენციური შეთანხმების პირველ ფაზაში გათვალისწინებული გასათავისუფლებელი 33 მძევლიდან, ზოგიერთი ცოცხალი აღარ არის.
შესაბამისად, ჰამასის თქმით, პირველ ეტაპზე გასათავისუფლებელი 33 მძევლიდან ზოგიერთ შემთხვევაში მხოლოდ ნეშტის გადაცემას შეძლებენ. აღნიშნული ინფორმაცია New York Times-მა მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.
ჰამასმა ზემოხსენებული ვითარება მაშინ გამოამჟღავნა, როცა ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში საკუთარი შეთავაზება წარადგინა. ჰამასსა და ისრაელს შორის შესაძლო შეთანხმების პირველი ფაზა ექვსკვირიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებას გულისხმობდა, რის სანაცვლოდაც ჰამასს 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს აყვანილი მძევლები უნდა გაეთავისუფლებინა. New York Times-ის ცნობით, ჰამასს არ გაუსაჯაროებია, თუ გასათავისუფლებელი 33 მძევლიდან რამდენი აღარაა ცოცხალი.
ისრაელელი მაღალჩინოსნების თქმით, ჰამასის შემოთავაზება მიუღებელი იყო, თუმცა ს მხარე თანახმაა, რომ მოლაპარაკებები გააგრძელოს.
7 მაისის დილას რაფას ტერიტორიაზე ისრაელის თავდაცვის ძალებმა სახმელეთო სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. 6 მაისს ისრაელმა რაფას ერთი ნაწილიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოითხოვა, რადგან იქ სამხედრო ოპერაციის დაწყებას გეგმავენ. ისრაელის არმიის რაფას ტერიტორიაზე ყოფნა ისრაელის არმიის რადიომ და ეგვიპტის წარმომადგენლებმა დაადასტურეს.
როგორც ცნობილია, რაფაში გადასასვლელი გზა ისრაელის ტანკებით ჩაიკეტა და იქ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაც შეჩერდა. 6 მაისს ისრაელმა რადიოს, სატელეფონო შეტყობინებების და ფლაერების საშუალებით გაავრცელა მოწოდება, რომ რაფაში სახმელეთო ოპერაციის გამო მოსახლეობას ტერიტორია დაეტოვებინა.