ჰააგაში დაიწყო გაეროს საერთაშორისო სასამართლოს სხდომა, რომელზეც განიხილება ისრაელის მიმართ ბრალდება ღაზის მოსახლეობის გენოციდში. სასამართლოში სარჩელი შეიტანა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ.
შარშან ოქტომბრიდან მოყოლებული ისრაელის არმია ღაზაში ატარებს სამხედრო ოპერაციას პალესტინური რადიკალური დაჯგუფება ჰამასის წინააღმდეგ, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება. ოპერაციის მსვლელობისას ათასობით პალესტინელი დაიღუპა.
ისრაელმა ოპერაცია დაიწყო თავდასხმის საპასუხოდ, რომელიც ჯიჰადისტებმა განახორციელეს 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე. მაშინ დაიღუპა 1400-მდე ადამიანი, 240-მდე მძევლებად გაიტაცეს და ღაზაში წაიყვანეს. მძევალთა ნაწილი – ძირითადად ქალები და ბავშვები – მოგვიანებით გაათავისუფლეს ისრაელის ციხეებიდან პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ. უკანასკნელი მონაცემებით, კვლავაც ჰამასის ხელშია 100-ზე მეტი ადამიანი.
ჰამასის კონტროლქვეშ მყოფი ღაზის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, სექტორში დაიღუპა 22 ათასზე მეტი პალესტინელი, რომელთა უმრავლესობას ქალები და ბავშვები შეადგენენ. ისრაელს მრავალი ქვეყანა ადანაშაულებს სისასტიკეში. ისრაელის არმია ჰამასს აკისრებს სამოქალაქო პირების სიკვდილისთვის პასუხისმგებლობას. ისრაელის სამხედროები ირწმუნებიან, რომ ჯიჰადისტები თავიანთ ინფრასტრუქტურას სამოქალაქო დასახლებებში განათავსებენ და მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ.
სასამართლო პროცესის პირველ დღეს ჰააგაში ასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში ისრაელის დროშებითა და მძევლების პორტრეტებით, ისინი სასამართლოსკენ გაემართნენ.
დემონსტრაციას მართავენ პალესტინელთა მხარდამჭერი აქტივისტებიც. აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ პლაკატები, რომლებიც შეიცავს მოწოდებებს, ღაზაში შეწყდეს მკვლელობები.
აქციებს ასობით პოლიციელი ადევნებს თვალყურს. ოთხშაბათიდან მოყოლებული ჰააგაში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.