ჯუანშერ ბურჭულაძე – „დელტა ტექსტილი“ თავდაცვის სამინისტროს უწყვეტად ემსახურება და დაგვიანების გარეშე 50-ზე მეტი დასახელების პროდუქციას აწვდის

„დელტა ტექსტილი“ თავდაცვის სამინისტროს უწყვეტად ემსახურება და დაგვიანების გარეშე 50-ზე მეტი დასახელების პროდუქციას აწვდის, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დელტა ტექსტილის“ ფუნქციონირება გამჭვირვალე პროცესია. შეგიძლიათ, გამოითხოვოთ ციფრები. მათი წარმადობა ორჯერ გაიზარდა და წელს მათი ბრუნვა სავარაუდოდ, 30 მილიონი ლარი იქნება. დასაქმებულთა რაოდენობა 250-დან 500 ადამიანამდე გაიზარდა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს უწყვეტად ემსახურება და დაგვიანების გარეშე 50-ზე მეტი დასახელების პროდუქციას აწვდის“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ჯარისკაცებისთვის განკუთვნილ უნიფორმებზე, კვების ხარისხსა და მიღწეულ შედეგებზე საუბრისას, ყურადღება კონტროლის მექანიზმების გაძლიერებაზე გაამახვილა.
„შედეგი ყოველთვის აღნიშნავს იმას, თუ როგორია კონტროლი. კონტროლის მექანიზმები რომ არ გაგვეძლიერებინა, ბუნებრივია, ასეთ შედეგს ვერც კვების და ვერც უნიფორმების მიმართულებით მივაღწევდით. კონტროლის მექანიზმების გასაძლიერებლად ძალისხმევა არ დაგვიშურებია. ეს არის ერთ-ერთი საწინდარი იმისა, რომ ასეთი მაღალი ხარისხი მივიღეთ“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ, რომელმაც საზოგადოებას კონტროლის შიდა და გარე მექანიზმებიც გააცნო, მათ შორის, ხარისხის მართვის სისტემაში ცნობილი სტანდარტის, ISO სერტიფიკატის სახით მოქმედი კონტროლის ინსტრუმენტი.