იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, ევროკავშირი განიხილავს შესაძლო ინიციატივებს უკრაინის დასახმარებლად რუსული გაყინული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით, თუმცა ბლოკის მიერ გადადგმულმა ნებისმიერმა ნაბიჯმა პატივი უნდა სცეს საერთაშორისო სამართალს.
„მიგვაჩნია, და არა მხოლოდ ჩვენ, რომ აუცილებელია საერთაშორისო წესებისა და კანონიერების პრინციპის პატივისცემა. დავიცავთ ჩვენი ეკონომიკისა და ევროზონის ფინანსურ და მონეტარულ სტაბილურობას და უზრუნველვყოფთ ნებისმიერი ნაბიჯის მდგრადობას“, – აღნიშნა იტალიის პრემიერმა.
შეგახსენებთ, ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს შესთავაზა, რომ ევროპაში შენახული რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივები 2026- 2027 წლებში უკრაინის მხარდასაჭერად გამოიყენონ. კომისიის გეგმის მიხედვით, ევროპული ქვეყნების მთავრობებს საშუალება ეძლევათ, ევროპაში ამჟამად გაყინული რუსული სუვერენული აქტივების 210 მილიარდი ევროს ოდენობის უმეტესი ნაწილი, დაახლოებით 185 მილიარდი ევრო, კონფისკაციის გარეშე გამოიყენონ.
