„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ – ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და მცხეთას წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, დღეს, 16 ივნისს, სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ჯგუფები ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრისთვის სამუშაოები რამდენიმე მიმართულებებით აქტიურად მიმდინარეობს.
„აღსანიშნავია, რომ მილსადენის დაზიანებული მონაკვეთი რთულად მისადგომ რელიეფზე მდებარეობს, რის გამოც სამუშაოების დასაგეგმად დამატებითი სპეც-ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს.
„ჯივიპის“ საოპერაციო ცენტრები პარალელურად მუშაობენ ავარიის აღმოფხვრის ალტერნატიულ გეგმებზე, რათა დაზიანების სირთულის გათვალისწინებით, წყალმომარაგების აღდგენა მაქსიმალურად ოპერატიულად მოხდეს.
16 ივნისის საღამოს 10 საათზე კომპანია დამატებით მოგაწვდით ინფორმაციას სამუშაოების მიმდინარეობისა და წყალმომარაგების აღდგენის დროსთან დაკავშირებით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.